ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1169. მგოსანნი მოდგეს ისმოდეს, ჴმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და შეიქნა, ძღვნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა ნესტანდარეჯანს უშვენის, ღიმილი ჩენა კბილისა

1170. მოიღეს ძღუენი უსახო, ფრიდონის არალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით, მართ ვითა კვერცხი ბატისა კულა ერთი თვალი სამსგავსო, მზისა შუქმონამატისა მას წინა ღამით ძალედვის, მხატვარსა ხატვა ხატისა

1171. კულა უძღუნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა მრგულად დათლილისა თუალისა, იაგუნდისა მრთელისა კულა მოაქუს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა ავთანდილისთვის ლომისა, ძღვენი ფრიდონის ქველისა

1172. იგი ტაბაკი სავსეა, მარგალიტითა მსხვილითა ავთანდილს უძღუნა ყველაი, არა სიტყუითა წბილითა აივსო სახლი სტვირითა, და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყუითა ტკბილითა

1173. ფრიდონისგან უსაზომო, ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს, უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყუედდის, ჩაღანა და ჩანგი ხმასა აჰა მიხუდა შესაფერნი, ყმა ქალსა და ქალი ყმასა

1174. ტარიელ ფრიდონს უბრძანა, დღეერთ სიტყუები გულისა არს გული თქუენი საჩემო, უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა მე თქუენგან ვჰპოვე მოკუდავმან, ჩემი წამალი წყლულისა

1175. ავთანდილისგან შენც იცი, ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქუს ნაცვლად მისისა, მოჴმარებისა წადება შენ მიდი ჰკითხე რა უნდა, მან ქნის ამისი ცხადება ვითა დამივსო საჴმილი, ეგრე მისიცა კმა დება

1176. უთხრა ძმაო რა გარდიხდის, შენგან ჩემსა ჭირნახულსა ღ~თი მოგცემს წყალობასა, მისსა ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქ საწადელსა, შენსა შენთვის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა არცა ხულსა

1177. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები ვარჩევ წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები ტკბილი სიტყვითა გავმართოთ, და ჴმლითა საომარები თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები

1178. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს, ტარიას მოციქულობა მას გაეცინნეს გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა თქუა თუ მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა

1179. რა მოვა ჩემთუის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი ღ~თი იწადებს მომივლენ, გულის საჴმილთა ლხენანი მაშინღა მამხვდეს მოკვდავსა, მზისა ელვათა ფენანი უმისჟამისოდ ცუდია, ჩემგან მიდამო რბენანი

1180. მიდი და ჰკადრე ტარიელს, პასუხი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი ვარ მუცლითგანვე დედისა, თქვენად სამონოდ შობილი ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი

1181. გებრძანა შეყრა მწადიან, საყუარელისა შენისა ეგე არს მგზავსი გულისა, ლმობიერისა თქუენისა მუნა მე ჴმალი არ მიკუეთს, არცა სივრცელე ენისა მიჯობს მოლოდნა საქმისა, მის განგებისა ზენისა

1182. ესეა ჩემი საწადი, და ჩემი მოსანდომარე ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე გვერდსაცავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე

1183. რა გამისრულდენ ესენი, ჩემნი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბეთს, მამხუდეს მის მზისა ხლებანი როდისცა სწადდეს დამივსნეს, ამა ცეცხლისა დებანი სხვად თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა თნებანი»

1184. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს, ესე სიტყუანი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი ვითა მან ჰპოვა მიზეზნი, ჩემისა სულთა დგმისანი ეგრევე მანცა სამისოდ, ნახნეს ძალგულნი ძმისანი

1185. მიდი უთხარ ჩემაგიერ, სიტყუა ჩემგან არ ნათნები მე შენისა გამზრდელისა, უნახავად არ დავდგები ვეჭ მრავალი დამეხოცოს, მონა მისგან საყუარლები ვითხოვ ხოლო შენდობასა, აგეთიღა მოვბრუნდები

1186. ესე უთხარ ამის მეტსა, მოციქულობ ნურას ნუო ხვალე წასულა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყუა გავაცრუო ამად ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო შევაგუო»

1187. უამბო ფრიდონ ავთანდილს, ტარიას მოციქულობა არ დადგებისო ცუდია, შენგან ცდისაღა თქმულობა მას დაუმძიმდა მოედვა, კულავ გულსა ცეცხლისა ალობა ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა

1188. ავთანდილ მივა მუხლმოყრით, ტარიას შესახვეწელად ფერხთა ეხვევის აკოცებს, აღარა შეხუდეს ზე წელად ეტყუის კმა რაცა შევსცოდე, როსტანს წლეულად მე წელად კულა ნუ მიქ ერთგულობისა, გამტეხლად დაცამლეწელად