ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული

1. რომელმან შეჰქმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა ზეგარდმოთ არსნი სულითა, ჰყვნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგუცა ქვეყანა, გუაქვს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე, სახითა მის მიერითა

2. ჰე ღ~თო ერთო შენ შეჰქმენ, სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც, დათურგუნვად მე სატანისა მამეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა

3. ვის შვენის ლომსა ხმარება, შუბისა ფარ შიმშერისა მეფისა მზის თამარისა, ღაწუ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევკადო, შესხმა ხოტბისა ხშირისა მისთა მჭურეტელთა ყანისა, მირთმა ჴამს მართ მიშერისა

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ გათხეული მისი ქებანი ვისმინე, არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბა, კალმად მინა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას, ლახვარი გულსა ხეული

5. მიბრძანეს მათად საქებრად, თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბალახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქუასაცა მაგარსა, გურდემლი ტყვიისა ლბილისა

6. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადაც უნდა ხსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა, სჭირს ერთმანერთის მონება

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის, ცრემლი გვდის შეუშრობილი მისებრივ მართ დაბადებით, ვინცა ყოფილა შობილი დავსჯე რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ ლახუარ სობილი აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი

8. მიჯნურსა თუალად სიტურფე, მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიმდიდრე სიუჴვე, სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა

9. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გუარი მიჯნურობა სხუა რამეა, არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა სიძუა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი ნუ ვინ გარევთ ერთმანერთსა გესმის ჩემი ნაუბარი

10. ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხუდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა კოცნა მტლაში მტლუში

11. ამა საქმესა მიჯნური, ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა, ჰგავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია, ვინ იქს სოფლისა თმობასა

12. არს პირველი მიჯნურობა, არ დაჩენა ჭირთა მალვა თავისწინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა შორით ბნედა შორით კდომა, შორით დაგვა შორით ალვა დასთმოს წყრომა მეფეთაგან, მისი ჰქონდეს შიში კრძალვა

13. ხამს თავისსა ხუაშიადსა, არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ჰაი ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს არსით უჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

14. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგო, მას ავნოს და თვითცა ივნოს რათამცაღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა თუ მოყვარესა, კაცმან გული არ ატკივნოს

15. ტარიელს კარგსა მოყმესა, მკლავ მაგარსა ძალიანსა პირად ვარდსა ტან საროსა, გული მისი რკინიანსა უხუსა დია უშურველსა, ტკბილ მოუბარსა წყიანსა მით ქება ნესტან დარეჯანს, რად ეთქმის პირად მზიანსა

16. მე რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დაუძლურდი მიჯნურთათვის, კვლავ წამალი არსით არი ანუ მამცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი

17. ესე ანბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი, ხელის ხელ საგოგმანები ვჰპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქენ საჭოჭმანები ჩემან ჴელმქმნელმან დამართოს, ლაღმან და ლამაზმა ნები

18. თვალთა მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა, მიხდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა, კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა, ლამის ლექსთა უნდა ლევნა

19. რაცა ვისცა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს კულავ მიჯნურსა მიჯნურობა, უყვარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს