ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1267. ნესტანდარეჯან თქუა, ნეტამც ყოლე არ შემოგცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა, აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნევდი მამცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთვის დამწვარვარ, აგრე შენ ჩემთვის ბნდებოდი

1268. თინათინ უთხრა ჰე მზეო, შენთა მჭურეტელთა ლხინებო რადმცა გაგწირე თუ ვითა, გაყრასა მოვითმინებო ღ~თისაგან დღეთა თხოვისა, ნაცულად სიკუდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომსა, მე ცრემლსა დავიდინებო

1269. კულა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი ქვე დამდგომმან წამავალსა, ვერ მოსწყვიტნა ყოლა თვალნი იგი იჭურეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავსწერენ, მე სიტყვანი ნაათალნი

1270. როსტან მათითა გაყრითა, ხელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყუის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქუაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების თხელდების

1271. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს, მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე ,მიჩს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები, პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიჴოცებით

1272. ტარიელ შეჯდა მეფისა, გამყრელი გამამსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა, ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელმისო საომრად, და თავი შენ მას ალამე უბრძანა ლხინი უთქვენოდ, აღარად მიჩნდეს სალამე

1273. გაემართნეს და წავიდეს, დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ, თავითა მეტად კარგითა კაცი ოთხმოცი ათასი, ჰყუა ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა, ერთმანერთისა მარგითა

1274. სამ თვე ვლეს ღმერთსა მათებრ სხვა, ნურა ნუ დაბადოსა მოეგებნიან მტერობა, ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შინა სადილად, გარდაჴდეს უდელადოსა ვითა მართებდათ პურობდეს, ღუინოსა სუმიდეს არ დოსა

ტარიელისაგან ჰინდოთა მეფისა სიკუდილის ცნობა

1275. ქედსა ზედა გარდამოდგა, მეტად დიდი ქარავანი კაცები და საჴედრები, ერთობ იყო შაოსანი გარეშემო მოეკვეცნეს, უკანამო დალალანი მეფე ბრძანებს მოასხითო, ჩვენ დავჰყოვნოთ აქა ხანი

1276. მოასხნეს იგი ვაჭარნი, და მათი უხუცესია უბრძანეს ვინ ხართ შავითა, რად ტანნი შეგილესია მათ მოახსენეს სით მოვალთ, იქ ასრე დანაწესია ინდოეთს ნისრით მოსრულთა, გვივლია გზა უგრძესია

1277. გაეხარნეს მათ ვაჭართა, ინდოეთით მომავლობა მაგრამ თავი უმეცარ ყუეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა უცხოურად ეუბნების მათ ვერა , ჰყვეს მათი ცნობა არ ესმოდა ინდოური, არაბულად ქნეს უბნობა

1278. უბრძანეს გუითხარ ვაჭარნო, ამბავი ჰინდოეთისა მათ ჰკადრეს ზეცით მოსრულა, ჰინდოეთს რისხვა ზეცისა დიდსა და წურილსა ყველასა, ცრემლი სდის მსგავსი წუეთისა მუნ შიგან მყოფსა ბრძენსაცა, ცნობა აქვს ვითა შეთისა

1279. თუით მათვე მათსა ამბავსა, უამბობს არის წყლიანი ფარსადან მეფე ინდოთა, იყო ჴელმწიფე სვიანი მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი კბილ მარგალიტი ტანალვა, ღაწუ ბადახშ ყორან თმიანი

1280. მას ქალსა და ამირბარსა, ერთმანერთი შეუყვარდა ამირბარმან სიძე მოკლა, ჴმა მეფესა დაუვარდა იგი ქალი პატარაი, მამის დასა გაეზარდა ბუქთა მისგან მონაქროლთა, ჰინდოეთი გარდაჰქარდა

1281. მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა მით შემართა საშინელი, მზე ჴმელეთსა დაუკარგა თვითცა მოკუდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა იგი ქალი დაუკარგა, ალვა მორჩი სხუაგან დარგა

1282. ცნა ამირბარმან წავიდა, ლომი მის მზისა მძებნელად იგიცა წახდა ინდოეთს, გახდა მთუარე და მზე ბნელად ორნივე წახდეს პოვნაღა, მათი არს აწ საგებნელად მეფემან ბრძანა ჰე ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად

1283. მეფე გაშმაგდა მათისა, უღონოქმნილი ძებნისა შავად შეიცვალა ჰინდოეთს, ჴმა წინწილისა ებნისა ცოტასა ხანსა გავესძლო, დება სახმილთა გზნებისა აწ თვითცა მოკუდა შეექნა, ბოლო სრისა და ტკებნისა

1284. რა ვაჭარმან ესე სიტყუა, თქუა საქმენი გააკვლადნა ქალმან დიდნი დაიკივლნა, დაფარულნი გააცხადნა ტარიელცა დაიძახნა, თავსა ფიცხლა მოიხადნა ნარგისთაგან ნაწვიმარნი, ღვარი ადგა თოვლი გადნა

1285. მამკალ ქალსა თავ მოჴდილსა, თუ მზე ვითა ეურჩოსა სული ვარდსა დავამსგავსე, თავშიშველი ყაყაჩოსა თუ ბრძენიცა მაქებარი, მისი იყოს ვირებ ჩოსა ჰგავს თუ ტყუბი მარგალიტი, ზის ბროლისა ჴარჴანჩოსა