ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1228. ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა არცა გრძელსა ამოიღო ხელმანდილი, მოინასკვა ზედან ყელსა ადგა მუჴლნი დაუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა

1229. რა ტარიელ მუხლმოყრილი, ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყუანისსცა, ქვე მიწამდის დაუვარდა მოახსენა ჴელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა თქუენმან აგრე სიმდაბლემან, ნახვა თქუენი ჩამადარდა

1230. ვით ეგების რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქუენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს სხვა მისებრი ვერა ჰპოოს, ცათამდისცა გაცაფრინდეს

1231. მე სიძესა ავთანდილის, უკეთესსა ვჰპოვებ ვერა თვით მეფობა ქალსა ჩემსა, მივეც აქვს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყვავილი დამებერა რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჯერა

1232. თუ შეგერთო ერთი მონა, თქუენთვის არცა მაშინ მშურდა ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყუარდა, აგრე მისთვის რად მომსურდა დია ღ~თო წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა

1233. რა ტარიელ მეფისაგან, ესე სიტყუა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა კულა მეფემან თაყუანისცა, წამორევლო წადგა წინა ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა

1234. ტარიელ ფრიდონ გაგზავნა, მის ყმისა მოსაყვანელად შესთვალა მოდი გიბრძანებს, იგი შენ ვისად სჩანს ელად ჭირნი გარდახდეს მოცაგუხვდა, ცრემლი ღაწუისა მბანელად ნუღარ ეშიშვი საჴმილსა, შენი დამწველია ნელად

1235. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის, მახარობლად გაექანა ასდენ დიდი სიხარული, გაეხარნენ მასმცა განა წავიდა და წამოუძღუა, მოიყუანა მოჰყუა თანა მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა

1236. მეფე ადგა მოეგება, ყმა გარდახდა რა მივიდა ჴელთა ჰქონდა ჴელმანდილი, პირსა მითა იფარვიდა მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა ვარდსა ზურვიდა მაგრა მისსა შვენებასა, რამცა ვითა დაფარვიდა

1237. მეფე კოცნასა ლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ მუხლთა ეხვევის, შუქნი ქუე დაუფენიან უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან რადგან მერჩიო ნუ მერცხუი, გაე რასაღა გრცხვენიან

1238. მოეხვია გარდაჰკოცნა, მან პირისა არემარე დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა, და წამწმისა არემა რე გვალე შეგყრი ლომო მზესა, თავი მისკენ არე მარე

1239. მეფე ყელსა ეხუეოდა, მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზეა ჴელმწიფობა, ასრე მიხვდა ვითა ღირსა მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიჴდის კაცი ჭირსა

1240. ყმა მეფესა მოახსენებს, მიკვირს სხვასა რად რას ბრძანებ რად არ გინდა ნახუა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა შეყუანებ შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ

1241. ტარიელსცა მოახსენა, ადგა ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა, მზისა ფერად ღაწუნი ღებნეს მიხუდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს რაცა ძებნეს ჴელი ჰჴადეს ჴმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს

1242. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან დაუყუნა თუალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა, კუბოსა შიგან მჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერმიხვდომილმან

1243. ლაშქარნი და დიდებულნი, დადრკეს მდაბლად ეთაყუანნეს მოახსენეს მიწად ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს მორჩილქმნილნი დაგუადიდნეს, ურჩნი მკუდართა დაგუადარნეს მტერთა მკლავნი შეაძუტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს

1244. ტარიელცა უთხრა ქებით, იმედისა გათავება ქალსა უთხრა შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს ეგრევე თქუენი დება ორგულთა და შემცილეთა, თქვენთა მე ვქნა გაფლიდება

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა

1245. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფედ, ზის და ჴელმწიფე ზენია მასთანა მჯდომსა ტარიელს, შვენიან სინაზენია ნესტანჯარ უზის თინათინს, ვინ მჭურეტთა ამაზრზენია ჰგავს თუ ცა მოდრკა ქუეყანად, შეყრილან ორნი მზენია

1246. დაიწყეს მორთმა პურისა, ლაშქართა მის მესავსისა ძროხა და ცხვარი დაკლული, არს უმრავლესი მხავსისა შეიქნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამგავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს, პირისა მზისა გავსისა