ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1112. მაგრა იყვენით ჩემთუისცა, საქმისა რასმე რჩევითა ჴმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსურის ნუ უბნობთ, სიტყვითა თქუენ სათნევითა

1113. მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ასასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები მოგვეგებვიან ვემცრობით, ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები

1114. ვინცა შეუსწრას ჰფარავსმცა, მას ღმრთისა საფარველია კარნი დალეწნეს დაჴოცნეს, ყოველი კაცთა მცველია სამთავე იქით მივმართოთ, მაშინ აღარა ძნელია ძლევა მან მოგუცეს, რომელი სათქმლადცა საზარელია

1115. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა სამთაგან ერთი შეუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთგან შიგნით შიგანნი, მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა ხელი კულავ ხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნაჴმარებსა

1116. ფრიდონ უთხრა შემიგიან, გამიგია ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა, წამოასწრობს კართა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თვარა ყოლე არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1117. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს, საუბართა ესოდენთა ამაზედან გაიცინნეს, მათ წყლიანთა სიტყუა ბრძენთა ერთმანეთსა ელაღობნეს, ლაღობათა მათთა მშუენთა გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა

1118. კულავ ერთმანერთსა მიუგეს, სიტყვები არ პირმკუახები დაასკუნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები გაიყუეს კაცი ასასი, ყველაი გმირთა სახები ცხენებსა შესხდეს აიღეს, მათ მათი ჩაბალახები

1119. იგი ჭაბუკნი შუქითა, ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი, ჰფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედა ზის, ტანითა მით წერწეტითა დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა

1120. ჩემი აწ ესე ნათქვამი, მათი სახე და დარია რა ზედან წვიმდეს ღრუბელნი, და მთათა აღტყდეს ღვარია მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია მაგრა რა ზღვასა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია

1121. თუცა ფრიდონ და ავთანდილ, სიკეთე მიუწდომნია მაგრა ტარიას შემბმელნი, არვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ჴომნია აწ იყურებდით მსმენელნო, გესმნენ ფიცხელი ომნია

1122. სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები თანა ჰყავსთ კაცი სამასი, ყუელაი გმირთა დარები მას ღამით უყვეს სადარნო, უცრუო ანაჩქარები გათენდა გაჩნდეს თავისთავ, მათ ჰქონდა მათი ფარები

1123. პირველ ამოდ მიდიოდეს, მგზავრთა რათმე მაგიერად მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახუდეს გულხმიერად გულსა შიში არა ჰქონდათ, ამოდ დგეს და ნებიერად მიდგეს გარე მუზარადნი, დაიხურეს ჟამიერად

1124. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექნა წრიალი რა ნახეს კარნი გაახვნეს, ქალაქით გაჰჴდა ზრიალი სამთავე სამგნით მიმართეს, თავსა მით უყვეს რიალი იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქნა ბუკთა ტკრციალი

1125. მაშინ ქაჯეთს მოიწია, უსაზომო რისხვა ღმრთისა კრონოს წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხვით გარდუბრუნდა, ბორბალი და სიმგრგვლე ცისა ველნი მკუდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკუდრისა

1126. კაცსა უკრავად დაბნედდის, ჴმა ტარიელის ხაფისა აბჯარსა ფრეწდის გაცუდდა, სიმაგრე ჯავშან ქაფისა სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახეს კაფისა რა ქალაქს შეჰხდეს შეიქნა, სიხარკე ციხეს სწრაფისა

1127. ავთანდილ და ლომი ფრიდონ, შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს თქვეს ტარიელ რა იქნაო, მისად ჭვრეტად თვალნი არნეს

1128. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა ციხესა კარსა მიმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ჴმალთა წვერისა ასი ათასი მებრძოლი , უსულო მსგავსი მტვერისა

1129. ციხისა მცუელნი ყველაი, იდვა მართ ვითა სნეული თავით ფერჴამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქუეს საქმე არს მისეული

1130. გზანი დახუდეს შეკაზმულნი, შევიდეს და გაძურეს ჴვრელსა ნახეს მზისა შესაყრელად, გამოეშვა მთვარე გველსა მუზარადი მოეხადა, შვენის აკვრა თმისა ლელსა მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა

1131. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს ამას გვანდეს ოდეს ერთგან, მუშთარ ზუალ შეიყარნეს მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნენ აქანამდის ჭირნახულთა, ამას იქით გაიხარნეს