ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა

1076. გამოვლნა ზღუანი ავთანდილ, მგზავრითა რითმე ნავითა პირმხიარული აცორვებს, მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისი, უხარის მით ამბავითა ჴელ აპყრობილი გულითა, არს ღ~თისა საესავითა

1077. მოწურვილ იყო ზაფხული, ქუეყნით ამოსლვა მწუანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა საროსტანისა სულთქნა რა ნახის ყვავილი, მან უნახავმან ხანისა

1078. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა უბრძანა გიჭურეტ თვალითა, გულტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ, თქუენთანა საუბარითა

1079. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა, მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის, ლომ ვეფხნი მოშამბნარენი

1080. ქვაბნი გამოჩნდეს იამა, იცნა თქუა იგი კლდენია სადა ზის ჩემი მოყვარე, და ვისთვის ცრემლი მდენია ღირსმ ვარმცა ვნახო, პირისპირ უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა, ცუდ ჩემი განავლენია

1081. თუ მოსრულა უღონიოდ, შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა, მჴეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს თუ შამბშამბ წავიარო, უკუღმავე იხედვიდა ესე თქუა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა

1082. მიაცორვებს და იმღერის, მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის, ოირითა მხიარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა, მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ, დგას ჴმლითა მომახულითა

1083. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ჴმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქუეითი, დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა, ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა, მისკენ მირბოდა ხლტებოდა

1084. ჴმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა მართ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა ჴმა შაქრის ფერად გაუჴდის, ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა

1085. ტარიელ მოთქუა ტირილით, სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღვარმან შეღება, წითლად გიშრისა ტევრები ალვისა წყარო ცრემლისა, მორწყავს ნაკადი ბევრები რადგან შენ გნახე რა მგამა, პატიჟი მჭირდეს ბევრები

1086. ტარიელ ტირს და ავთანდილ, სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა ეტყოდა ვსცანო ამბავი, შენ რომე გიამებოდა აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭკნებოდა

1087. ტარიელ უთხრა ჰე ძმაო, კმა არს დღეს რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო, მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა რა საქმე ზენია

1088. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დასწყნარდა მის ამბისა დაყოვნება, ვეღარ გასძლო აუჩქარდა გამოიღო რიდე მისცა, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა რა ტარიელ ნახა იცნა, გამოუღო შემოვარდა

1089. წიგნი და კიდე რიდისა, იცნა და გაცაშალა მან პირსა დაიდვა დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან სულნი გაიქცნეს მოდრიკა, თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლო პატიჟნი, ვერ კაენ ვერცა სალამან

1090. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ჴმითა შვენიერითა ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად, აკრთობს გიშრისა ტევრია გახეთქა ლალი გათლილი, ანდამატისა კვერითა მუნით წყარონი გამოჰჴდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერია

1091. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქუემდებარესა შეჰფრინდა შველად მიმართა, მას ტკბილად მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწუარსა, სრულად ცეცხლნადებარესა მისთა ნიშანთა სიცოცხლე, მათ მისი მიებარესა

1092. პირსა იხოკს ღაწუსა ცრემლი, ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა რაცა ვქენო არ უქმნია, არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რას დავასხი, ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს, გული ლხინსა მეტის მეტსა

1093. გამოისვენეს მას ღამით, ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა აავსნა, შესამოსლისა ძღუნობითა დამოსნეს ტურფა ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა თვალმარგალიტი ღარიბი, უძღვნა ოქროსა გობითა

1094. უთხრა თქუა ესე სიტყვაა, ავისა მასპინძელისა ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა, თქუენ ბრძნისა ვითა ხელისა მაგრა აწ ყოვნად არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა