ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1132. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ გარდაჭდობილნი კულა შეეწებნეს ხშირ ხშირად, ვარდნი ბაგეთათ პობილნი აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ჴმობილნი

1133. მზე მოეგება პირითა, ტურფითა მოცინარითა აკოცა მისთა მეშველთა, ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა, სიტყუითა მით ნარნარითა ორივე ერთგან უბნობდე, სტურფითა საუბარითა

1134. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს თავნი მათნი გაალომეს, მათი მბრძოლი იშვლეს ითხეს

1135. სამასისა კაცისაგან, ასსამოცი შეჰყოლოდა ფრიდონს უმძიმს მისთა სპათა, მაგრა ცალკერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა რომე ჰპოვეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა

1136. მოჰკრიფეს ჯორი აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები სამიათასსა აჰკიდეს, მარგალიტი და თვალები თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები იგი მზე შესუეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები

1137. სამოცი კაცი დააგდეს, ქაჯეთს ციხისა მცველია წამოიყუანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია ზღვათა ქალაქსა მიმართეს, მათიღა წაგვრა ძნელია თქუეს ფატმან ვნახოთ მუქაფა, გვაც მისი გარდუხდელია

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა

1138. ზღუათა მეფესა წინაშე, გაგზავნა მახარობელი შესთვალა მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი მწადიან გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი

1139. აწ მე მაქუს ქაჯთა ქუეყანა, და მათი დანადებია მეფეო კარგი ყუელაი, მე თქუენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია ამისად ნაცულად რა გიძღვნა, მძულს ცუდი ნაქადებია

1140. მოდი გუნახენ გავიარდეთ, ქუეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა, გიძღუნი ჩემგან შეიწირე კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე მე ვისწრაფი ვერა გნახავ, შენ წამოდი ჩემ კერძ ირე

1141. თქუენ უბრძანე ჩემმაგიერ, უსენს ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს იამების ნახვა, მისი ხსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა, ჭურეტასაცა სხვადღა ვისსა ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა

1142. რა კაცი ტარიელისა, ესტუმრა ზღუათა მფლობელსა წესია გული გაჰკრთების, ამბავსა გასაკრთომელსა მისცა მადლი და დიდება, ღმერთსა მაღლისა მბრჭობელსა მაშინვე შეჯდა არ უნდა, მისულა სხვასაღა მხმობელსა

1143. ბარგი აჰკიდა გააგო, ქმნა ქორწილისა მათისა მას მოაქუს რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა ფატმან ჰყავს თანა იარა, სავალი დღისა ათისა უხარის ნახვა ლომისა, და მზისა ჴმელთა მნათისა

1144. შორს გაეგებნეს სამნივე, დიდსა მეფესა ზღვათასა გარდახდეს მდაბლად აკოცეს, გარესწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა ქალი რა ნახეს სტრფიალობს, შუქსა მას ბროლ ბაკმათასა

1145. ფატმან ხათუნს მისსა მჭურეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვია გარდუკოცნა, ჴელი ფერხი პირი ყელი იტყვის ღ~თო რა გმსახურო, გამინათლდა რადგან ბნელი ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი

1146. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყუის არ გამწყრალი ღმერთმან გული გამინათლა, გახეთქილი გაცამწკრალი აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი ვით ვსჩან არდამზრალი

1147. ზღვათა მეფე გარდაიხდის, მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაპანტულსა, ზედან სცვეთდეს ვითა ჴიდსა

1148. ტარელ ფატმანს უბრძანა, მე თავი შენი მიდია დავალი შენი ჩემზედა, გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე, ქაჯეთით ამიკიდია მამიცემია წაიღე, არ კიდე მომიყიდია

1149. ფატმან ხათუნ თაყვანისსცა, ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა მე მეფეო ნახვა შენი, მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქნები, მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა, ვაგლახ თქუენსა ვერა მჭვრეტსა

1150. ზღუათა მეფესა ეტყუიან, ორნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი უშენოდ მყოფსა არ გვინდა, ნიშანნი საჩანგდაფენი მაგრა გაგვიშვენ ჟამია, წავიდეთ ვართ მოსწრაფენი