... (H-742), XIX ს.

1072. სადაცა ნახნის ეუბნის მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი. ჰკითხის მის მზისა ამბავი დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგა აქლემნი აუჩნდა ლარ კიდებულნი. მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს შეჭირვებულნი.

1073. მუნ ქარავანი ურიცხვი მოსდგმოდა ზღვისა კიდესა. შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა ქებასა შეასხმიდესა. ჰკითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ მათ საუბარი ჰკიდესა.

1074. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი კაცი ბრძენი. მოახსენა ხოტბა სრული დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს მზეო სიცოცხლე და შენ ამოხე ჩვენი მლხენი. ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი.

1075. გარდაჰხდეს ჰკადრეს ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი. მაჰმადის სჯულის მჭირავნი აროდეს გვისვამნ მაჭარნი. ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი. საქონელ სრულნი მდიდარნი არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი.

1076. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე. უშველეთ ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე. ვკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო რასა საქმისა მძებარე. გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ კიდე ცოცხალვარ მე ბარე

1077. ჰსთქვა ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა. ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ ფერითა. მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისის წვერითა. ყველაი წახდა არ ვიცი აქა მოსრულვარ მე რითა.

1078. ლომო და მზეო ესეა მიზეზი აქა დგომისა. დაბრუნდეთ გვეცემის ზიანი ას საზომისა. შევიდეთ ვა თუ დაგვხოცნენ ძალი არა გვაქვს ომისა. ვერ ვდგევართ ვერცა წასულვართ ღონე წაგვსვლია რჩომისა.

1079. ყმამან უთხრა ვინცა სჭმუნავს ცუდია და ცუდად სცთების. რაცა მოვა საქმე ზენა მომავალი არ აგვცთების. მე მივინდობ სისხლთა თქვენსა შემოვისხამ დაცამწვთების. ვინცა გებრძვის ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების.

1080. მოქარავნენი აივსნენ სიხარულითა დიდითა. ჰსთქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი არ ჩვენებრვე რიდითა. აქვს თავისაგან იმედი ვიყვნეთ გულითა მშვიდითა. შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა გამართეს ზღვისა კიდითა.

1081. სიამოვნისა დარითა იარეს არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა. მას ნავის ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

1082. ჰკიოდეს და მოდიოდეს იზახდეს და ბუკსა ჰკრესა. შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა. ყმამან უთხრა ნუ იშიშვით თქვენ ამათსა სიალფესა. ანუ დავხოც ამა ყველას ან სიკვდილი ჩემი დღესა.

1083. უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებნენ ხმელთა სპანი. განგებაა არ დავრჩები ლახვარნია ჩემთვის მზანი. ვერ მიხსნიან ვერ ციხენი ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი. ვინცა იცის ესე ასრე ჩემებრვეა გულოვანი.

1084. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ ომისაცა უმეცარნი. შორს ისრითა არ დაგხოცნენ ჩაიხრჩენით თანა კარნი. მარტო მნახეთ ვით შევიბა ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი. მეკობრესა ნავისანი სისხლნი ნახოთ მონაღვარნი.

1085. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა. ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ შეუალითა. ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა მტერნი დახოცნა ხმალითა.

1086. ჰკიოდეს იგი ლაშქარნი ხმა მათი არ გასწყდებოდა. აძგერეს ძელი რომელსა ზედან სახნისი ჰგებოდა. ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა არ თურე კრთებოდა. კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა ლომს მკლავი არ უდრკებოდა.

1087. ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავ დაულეწელი. შეშინდეს იგი ლაშქარნი გზა ძებნეს გარდსახვეწელი. ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა მტერთა მი და მო მლეწელი. არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.

1088. მათ ლაშქართა გულ უშიშრად ასრე ხოცდა ვითა თხასა. ზოგი ნავსა შეანარცხის ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა. ერთმანერთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა. დამალულნი მკვდართა შუა იმალვიან მალვენ ხმასა.

1089. გაუმარჯვდა ომი მათი ვითა სწადდა გულსა მისსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი ნუ დაგვხოცო შენსა სჯულსა. არ დახოცნა დაიმონა დარჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქს სიყვარულსა.

1090. კაცო ძალსა ნუ იკვეხი ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი. არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღმერთისა ძალი. დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწვავს ნაბერწკალი. ღმერთი გფარავს სწორად გაჰკვეთს შეშა ვის ჰკრა თუნდა ხრმალი.

1091. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა. ნავი ნავსა შეატყუბნა ქარავანსა დაუზახნა. უსამ ნახა მხიარულმან სასახავნი დიდნი სახნა. ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად სასახავნი დიდნი სახნა.