... (H-742), XIX ს.

1053. ფრიდონ ჰსთქვა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა. გული დაიღეს დადუმდეს მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ჭვრეტითა ჰაერ ფერითა. მელნისა ტბათა მიჯარვით ბურავს გიშრისა ჭერითა.

1054. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა. სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა. მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს სრულითა. შეჰფრფინევდიან ავთანდილს გულითა სულ წასრულითა.

1055. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა არ ხალვათი. იქით აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი. თვით ორნივე ერთგან დასხდეს ვინმცა ვინ თქვას ქება მათი. ბროლ ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა ზოგან სათი.

1056. დასხდეს შეიქმნა პურობა გაამრავლებდეს მახალსა. უმასპინძლებდეს ავთანდილს ვითა მძახალი მძახალსა. მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა ახალ ახალსა. მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა.

1057. მას დღე ჰსვეს ჭამეს გარდახდა ნადიმი მსმელთა ჯარისა. გათენდა ჰბანეს ავთანდილ რიცხვი ძეს მუნ ატლასისა. შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრ ათასისა. შეარტყეს წელთა სარტყელი დაუდებელი ფასისა.

1058. ყმამან დაჰყვნა დღენი რამე თუცა ყოვნასა ვერა სთმობდა. ფრიდონს თანა ნადირობად გავიდის და თამაშობდა. სწორად ხოცდა შორს და ახლოს თუ რას ხელსა მიაპყროდა. მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

1059. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები. მე თქვენი გაყრა სიკვდილად მიჩანს და მით თავსა ვევნები. მაგრა არა მცალს დღე კრულსა ცეცხლი მე სხვათა მედების. გზა გრძელი საქმე სასწრაფო მიც დია დამეყოვნები.

1060. მართალ არს შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა. დღეს წარუვალი ვერა ვარ მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა. დგომა მგზავრისა ცთომაა კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა. სადა გინახავს იგი მზე წამომყევ ზღვისა კიდესა.

1061. ფრიდონ უთხრა დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის. ვიცი რომე აღარა გცალს შენ ლახვარი სხვა გესობის. წადი ღმერთი გიწინამძღვრებს შენი მტერი დაემხობის. მაგრა ჰსთქვი თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის.

1062. ამას გკადრებ არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი. თანა ყმათა წამოგატან იმსახურენ იახლენი. აბჯარი და საქონელი ერთი ჯორი ერთი ცხენი. არ წაიტან გაირჯები ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი.

1063. მოასხნა ოთხნი მონანი მისანდობელნი გულითა. სრული აბჯარი საკაცო ქაფითა საბარკულითა. სამოცი ლიტრი წითელი აწონით არ ნაკლულითა. ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა.

1064. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა საგებელი აუკიდა. წავიდა და ფრიდონ შეჯდა მასთანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი ჰსწვიდა. მოსთქვამს თუმცა მზე გვიახლა ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზვრიდა.

1065. ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა მიეცნეს წუხილსა. მოატყდეს მოქალაქენი ლარსა ვინ ყიდდა თუ ხილსა. ხმა ზახილისა მათისა გვანდა ჰაერთა ქუხილსა. იტყოდეს მზესა მოვშორდით მო თვალნი მივსცეთ წუხილსა.

1066. ქალაქი განვლეს მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა. მაშინ ფრიდონის ნახულსა ნასაჯდომევსა მზისასა. მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა. ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა.

1067. აქა მათ ორთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა. კბილ თეთრი ბაგე ბალახში სახედავითა შავითა. ცხენი გავქუსლე გავაგე წაგვრა ხლმითა და მკლავითა. შორს მნახეს ადრე გამექცეს ნავი მფრინველე ჰჩნდა ვითა.

1068. მოეხვივნეს ერთმანერთსა გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი. აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი. გაიყარნეს გაუყრელნი ძმად ფიცნი და ვითა ძმანი. ფრიდონ დადგა ყმა წავიდა შემხედველთა მკვლელი ტანი.

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად.

1069. ყმა მიმავალი მიუბნობს მზგავსი მთვარისა სრულისა. არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა. იტყვის მოგშორდი სიცრუვე ვა საწუთროსა კრულისა. შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1070. რა სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა. რად გული კლდისა ტინისა შემქნია სამ სალებისა. არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა. შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა.

1071. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა. წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა. დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა. ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა.