ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1037. გულითა ღმერთსა ადიდებს, ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქუა ღმერთო გმადლობ რომელი, ხარ ჭირთა მომალხენელი ყოველგან მყოფი უთქუმელი, ყურთაგან მოუსმენელი წყალობა თქუენი იჩქითად, არს ჩვენი გარ მომფენელი

1038. მის ამბისა სმენისათვის, ცრემლით ღმერთსა ადიდებდა ფატმან იჯდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კულავ იდებდა ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა

1039. მას ღამით ფატმან იამა, ავთანდილ თანა წოლითა ყმა უნდო გუარად ეხუევის, ყელსა ყელითა ბროლითა ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა გული ხელქმნილი გასჭრია, მჴეცთავე თანა რბოლითა

1040. ავთანდილ მალვით ცრემლს იდენს, ზღვათაცა შესართავისად შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნო, იგი ვინ ვარდია ვისად უმისოდ ნეხუთა ზედა ვზი, ბულბული მგზავსად ყუავისად

1041. მუნ ცრემლნი მისგან ნადენნი, ქუათაცა დასალბონია გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია თუ ყვავი ვარდთა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია

1042. გათენდა ბანად წავიდა, მზე სოფელს შუქნაკიდები დიაცმან უძღუნა მრავალი, კაბა ყაბაჩა რიდები მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი წმიდები რაცა გწადდესო ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები

1043. ავთანდილ თქუა საქმე ჩემი, გავაცხადო ამა დღესა სამოსისა ვაჭრულისა, ცმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო, შეიმოსა ტანსა მხნესა მოემატა დაშვენება, დაემგზავსა ლომი მზესა

1044. ფატმანს პური შეეკაზმა, ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა თვალად ტურფა, მხიარულად არ პირბნელად დაინახა გაუკუირდა, ვაჭრულისა უმოსელად შემოჰყივა აგრე სჯობსო, შენთვის ხელთა სასურველად

1045. ფატმან მისსა შვენებასა, მეტის მეტად ჰკვირდებოდა მან პასუხი არა გასცის, თავისწინა ღიმდებოდა შეეტყუების არ მიცნობსო, რა რეგნულად როგორ ჰჴმობდა თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა

1046. პური ჭამეს გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა ღვინო სმული მხიარული, დაწვა ამოდ დაიძინა საღამო ჟამს გაიღუიძნა, შუქი ველთა მოაფინა ფატმან უჴმო მოდი მნახე, მარტო ვარო თავისწინა

1047. ფატმან მივიდა ავთანდილს, ჴმა ესმა მისგან ოხისა ეტყოდა მომკლავს უცილოდ, ტანი ალვისა მოხისა გვერცა დაიდვა ბალიში, მისცა მისისა ნოხისა ვარდისა ბაღსა უჩრდილობს, ჩრდილი წამწამთა ქოხისა

1048. ავთანდილ ბრძანა ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ ნაკბენია მაგრა აქამდის მართალი, შენ ჩემი არა გსმენია ჩემნი მამკლველი წამწამნი, შავნი გიშრისა ხენია

1049. გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა, მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგუანისა მაქუს პატრონობა მრავლისა, საჭურჭლე მგზავსი ხანისა

1050. შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული მისანდობელი მათ უზის ერთი ასული, მზე ჴმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი, და ჩემი დამადნობელი მან გამომგზავნა დავაგდე, პატრონი მათი მშობელი

1051. რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქუეყანა, მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად

1052. ავთანდილ ფატმანს ყველაი, უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისა, შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი, ჯერთ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებ ნაფუშავისა

1053. მოდი და ფატმან მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი, ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს ყოვლი სულდგმული, ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ მიხუდენ კულავ მიჯნურნი, ერთმანერთისა ხლებასა

1054. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ, იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩუენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი, ვქნათ მისი გამორჩეული ღმერთმან ქნას ქაჯთა სამეფო, მოგესმას ჩვენგან ძლეული

1055. ფატმან თქუა ღმერთსა დიდება, საქმენი მომხუდეს მორანი დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი მოგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგზავნი, წა გზანი გისხენ შორანი

1056. აწ გამოჩნდების სახმრობა, ჩემთუის შენისა გრძნებისა ფიცხლად დამივსე საჴმილი, შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა მას ზედა ჰკადრე ამბავი, მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა, ყოვლი ამბავი ნებისა