... (A-656), XIX ს.

1040. დიდვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ პოვებენ იყიდიან გაყიდიან მოიგებენ წააგებენ გლახა თვე ერთ გამდიდრდების სავაჭროსა ყოვლგნით კრებენ უქონელნი წელიწადსა საქონელსა დაიდებენ

1041. მე ვარ მებაღე უსენის ვაჭართა უხუცესისა ესეცა გკადრო ამბავი საქმე მისისა წესისა თვით ესე ბაღი მისია თქვენი სადგომი დღესისა პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა

1042. რა შემოვლენ დიდვაჭარნი მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან უჩვენებენ რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან უტურფესთა სეფედ დასხმენ ფასსა მუნვე დაუთვლიან მათ მაშინვე ააზატებს ვითა სწადდეს დაყიდიან

1043. თქვენებრთა საპატიოთა მას მართებს გამოსვენება დამყენებელთა უბრძანებს მართებდეს ვის დაყენება აწ იგი აქა არ არის რას მარგებს მისი ხსენება გამოგებება წაყვანა მას მართებს თქვენი ქენება

1044. ბატმან ხათუნ შინა არის ხათუნი და ცოლი მისი პირად კარგი მასპინძელი მხიარული არ თუ მქისი მას ვაცნობო მოსვლა თქვენი წაგიყვანოს ვითა თვისი წინა კაცთა მოგაგებებს ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი

1045. ავთანდილ უთხრა წადიო აგრე ქმენ რაცა გწადიან მებაღე მირბის ახარებს ოფლნი ქვე მკრდამდის ჩადიან ხათუნსა უთხრა ამბავი მე ესე დამიქადიან ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან

1046. ვაჭარნი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა მე მიხმო მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა

1047. ფატმან ხათუნს გაეხარნეს გააგება მონა ათი მოუკაზმნა ქარვანსრანი დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწვი ვარდი ბროლ ბალახში მინასათი მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი ლომსა თათი

1048. ზარი გახდა შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად იქით აქათ იჯრებოდეს უჭვრიტოთო ამას რულად ზოგნი ნდომით შეფრფინვიდეს ზოგნი იყვნეს სულწასრულად მათთა ცოლთა მოიძულვნეს ქმარნი დარჩეს გაბასრულად

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგს მისვლა ფატმანის მიგებება და სიხარული

1049. ფატმან ცოლი უსენისი გაეგება კართა წინა მხიარულმან უსალამა სიხარული დაიჩინა ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსლვა მისი შევითვატყვე არ ეწყინა

1050. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე არყმაწვილი მაგრა მზმელი ნაკვთად კარგი შავგრემანი პირმსუქანი არ პირხმელი მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული ღვინის მსმელი დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი

1051. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღმერთო არ დაკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ გა

1052. დილასა ლარი ყველაი უჩვენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხნეს ფასიცა დაათვლევინა ვაჭართა უთხრა წაიღეთ აკიდა გააწევინა თქვა ვითა გინდათ ვაჭრობდით ნუ გამაცხადებთ მე ვინა

1053. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცვამს არას მისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერთგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა ფატმანს ჰკვლვიდა უმისობა რამინისი ვითა ვისსა

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა

1054. სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და შეგიკვეთებს მიგინდობს და მოგენდობის მართ ანაზდად გიღალატებს გაკვეთს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი არას თანა არ ეთხრობის

1055. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა სიყვარული მეტისმეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქნა რა მერგების აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა

1056. მიღმა ვუთხრა ვაი თუ გაწყრეს შეხედვაცა დამიძვირდეს თუ არ ვსთქვა რაგვარ გავსძლებ ცეცხლი უფრო გამიხშირდეს ვსთქვა და მოვჰკვდე ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან რაგვარ კურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

1057. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართმეველი მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა შემძვრელი შემარხეველი უსტარი შესანახავი არცუდად დასახეველი