ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

998. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია მოყვარე მტერი მოყურისა, მტრისაგან უფრო მტერია არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკუდართა ფერია

999. იგივე მითხარ მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს კულავ იტყუის ფატმან ტირილით, კულავ უფრო თვალთა სდენოდეს წაჴდესო შუქნი რომელნი, მზისაებრ ველთა ჰფენოდეს

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა

1000. ვაი საწუთროო სიცრუვით, თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა სცნას, შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო, სად უჩინო ჰყავ სად არე მით ვჰხედავ ბოლოდ სოფელსა, ოჴრად ჩანს ყოვლი სად არე

1001. ფატმან იტყუის მომეშორა, მზე მნათობი სრულად ჴმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ჴელთა მას უკანით გაუწყვედლად, დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ გავაჴმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადამღვრელთა

1002. სახლი და შვილი მამძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ, კრულმან პირითა კრულითა

1003. დღესა ერთსა საღამო ჟამ, ჩასულა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა ვიგონებდი სევდა მკლვიდა, მისისავე გონებისა ვთქუი კრულია ზენაარი, ყოვლისამცა მამაცისა

1004. მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყუსითა სამითა მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა სასმელ საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა სვემდეს ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა

1005. მე უყურებდი უჭვრეტდი, თქუეს ამოდ გავიხარენით მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი, უცხონი შევიყარენით არცა ვიცით ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით ჴამს ერთმანერთსა ამბავი, ჩუენიცა უთხრათ ბარ ენით

1006. მათ სხუათა მათი ამბავი, თქუეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჰე ძმანო, განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქარვა დაგითესია ჩემი ამბავი ამბავთა, თქვენთაგან უკეთესია

1007. მე ვარო მონა მეფისა, მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხუდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა მოგუიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი, ზრდის უკეთესი მშობლისა

1008. დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა ლოდია ვისცა არ დაჰკოდს ჴმა მისი, ვერავის დაუკოდია მას უსხენ წურილნი ძმისწულნი, როსან და ერთი როდია აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ, ქუე ზის მორჭმული წოდია

1009. გვესმა ზღვათ იქით ამბავი, სიკუდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაშალეს ქნა ხალვათისა შევით ვჰკადროთო დავსება, პირისა ჴმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი, მონისა ბევრ ათასისა

1010. როშაქ თქუა მოცავინ მკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოებული, ადრე ზედან მოვესწრები მეფე დისა დატირებად, წავიდოდეს წაცავჰყვები

1011. გვითხრა მისთა ხელისათა, წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით

1012. მინდორ მინდორ მოვდიოდით, ჩუენ ღამესა დია ბნელსა დიდნი რამე სინათლენი, გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვთქუით თუ მზეა ჩამოჭრილი, ნუთუ ზეცით ზედა ჴმელსა დაბნეულნი მივეცენით, გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1013. ზოგთა თქვეს არის ცისკარი, ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო შორს მოუარეთ მივედით, შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმა გამოჴდა, ჴმა ჩვენი მოუბარეო

1014. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო, თქუენ სახელნი თქუენი თქუენით გულანშაროთ მოციქული, ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი, გავიცადეთ თვალით ჩუენით

1015. უჭურიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ, ეფინებოდა არებსა ძვირ ძვირად გვეუბნებოდა, სიტყუასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგა, ზედან გიშრისა სარებსა

1016. კულავ ვეუბენით მას მზესა, ტკბილ მოუბრითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა, ჩუენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა, გვერცა წაუდგა ცხენითა აღარ გავუშვით დაჭირვა, ვჰკადრეთ ენითა ჩვენითა