ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

958. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკუნესია შემოდგა კარსა მეფისა, მონათა უხუცესია თანა ჰყუა მონა სამოცი, ვით ჴელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავჰკვირდი, ვთქუი რამე საქმე ზესია

959. მისალამეს ფატმან მითხრეს, ბრძანებაა მზისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღუნა, ქალი მჯობი მზეთა ორთა აწ მოგვგვარე წავიყვანოთ, ვლა არ გუინდა გზათა შორთა ესე მესმა დამტყდეს, ცანი რისხვით ეცა გორთა

960. მე გაკვირვებით კვლა ვკითხე, რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა, ქალი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკუნა, დღე ჩემი სულთა მჴდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

961. შეველ ვნახე იგი მთვარე, მტირალად და ცრემლ დასხმულად ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან, ვით მიმუხთლა ხედავ სრულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარმყო ამფხურა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულმოკლულად

962. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა, მიწყივ ავისა მქნელია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა, არ ახალია ძველია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია

963. თვალთათ ვითა მარგალიტი, გარდმოყარა ცრემლი ჴშირი ადგა ასე გულ უშიშრად, ვეფხვი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა აგრე აჯაღითა, მოიბურა ტანი პირი

964. შეველ საჭურჭლეს რომელსა, ფასი არ დაედებოდა თვალ მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა, ქალაქსა ეფასებოდა მიველ მას წელთა შევარტყი, შავგული ვისთვუის კუდებოდა

965. ვარქვი ჩემო განღა სადმე, გეჴმარების ესე გვარი მათ მონათა ჴელთა მივეც, იგი პირი მზისა დასადარი ცნა მეფემან მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა გაჰჴდა ზარი იგი მივა თავმოდრეკით, წყნარი არის მოუბარი

966. ზედა მოატყდა მჭურეტელი, გაჰხდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვებდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჰე მზეო, აქა ვით მოიგვარები

967. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი, შექნნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა, ნახული მე უნახველად ღ~თისაგან კიდე ვინ იყო, კაცი ამისად მსახველად მართებს ამისთა მიჯნურთა, ხელნი თუ რბოდეს ახ ველად

968. გვერცა დაისვა ეუბნა, ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი, პირითა მზისა დარითა თავ მოდრეკილი დაღრეჯით, ქვე ზის ცნობითა წყნარითა

969. არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება, არ აღებდა არ არა ჩღებდა მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა

970. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იჴსნების ამ ორთა კიდეგანთა, აზრი არა არ იქნების ან მიჯნური ვისიმეა, სიყუარული ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს, ვეღარცა ვის ეუბნების

971. ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა ზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის, უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი

972. ღმერთმან ქნას შინა მოვიდეს, ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე, დამისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქკრთომით, ჯდეს მზისა მოშორვებული

973. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ, კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზედან თვალად, შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა, მას მნათობთა დასაგვანსა

974. მოიღეს ტანსა ჩააცვეს, შესამოსელი ქალისა მაზედან შუქი მრავალი, ჩნდა მნათობისა თვალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს, ბროლისა გამჭვირვალისა დაადგეს თავსა გუირგუინი, ერთობილისა ლალისა

975. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ, საწოლი უფლისწულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ჴელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა მაზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა

976. უბრძანა ცხრათა ხადუმთა, დადგომლად მცველად კარისად ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად, მგზავსად მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო, მუქფად მის მზის დარისად სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისად

977. გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა სწყევლის, რა ბედი მიც ჩემი მკულელი სადაური სად მოსულ ვარ, ვის მივხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი