... (A-656), XIX ს.

962. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით ვინ ეგებიან მაგრა მას ახლვან ქებანი მართ მეტნი არ მიხვდებიან მზე უჩინო იქმს მნათობთა რა ახლოს შეიყრებიან დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი კრთებიან

963. ცხენთა შესხდეს გაემართნეს ფრიდონისსა მივლენ სრასა დაიშალა ნადირობა მოეშალნეს მხეცთა სრვასა ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით აქათ იქმან ჯრასა თქვეს ასეთი ხორიცელი შეუქმნია ნეტარ რასა

964. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფვი ვიცი ამბვისა თხრობასა გიამბო ვინ ვარ სით მოვალ ვინათგან ვლამი ცნობასა ანუ სით ვიცნობ ტარიელს ანუ რად ვიტყვი ძმობასა იგი ძმად მიხმობს ძმა ხარო თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა

965. მე ვარ ყმა როსტან მეფისა მოყმე არაბეთს ზრდილობით დიდი სპასპეტი სახელად მიხმობენ ავთანდილობით მე დიდებულთა დიდგვართა ზრდილი მეფეთა შვილობით საკრძალავი და უკადრი მყოფი არვისგან ცილობით

966. დღესა ერთსა მეფე შეჯდა ნადირობად გამოვიდა მინდორს ვნახეთ ტარიელი ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა გაგვიკვირდა გვეუცხოვა ვაწვიეთ და არ მოვიდა ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა

967. მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა მან უჭირველად დახოცნა ომი არ მისჭირდებოდა ზოგსა მხართეძო დალეწა და ზოგსა სული ხდებოდა მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა

968. მან სპათაგან ვერშეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა თვით შესხდეს და შეუტევეს ამაყთა და არას მკრძალთა რა ტარიელ მეფე იცნა მუნღა დაკრთა მათთა ხრმალთა ცხენსა მისცნა სადავენი დაგვეკარგა წინა თვალთა

969. ვსძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ დავსწამეთ ეშმაურობა მეფე დაჭმუნდა დაშალა სმა ნადიმობა პურობა მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არდასტურობა გამოვიპარე საძებრად მწვიდა ცეცხლი და მურობა

970. იგი ვძებნე წელსა სამსა არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი ვჰპოვე ვარდი მოყვითანე შუქმკრთალი და ფერმიხდილი შემიტკბო და შემიყვარა ვითა ძმა და ვითა შვილი

971. ქვაბნი წაუხმან დევთათვის სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა სხვა არვინ უახლებია მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს არ ახალ არ ახლებია ვაი მართებს მისსა გაყრილსა შავი ხლა თავსა ხლებია

972. ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი ცრემლ ნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს ლომის ლეკვსა ვითა ლომი მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერდამდგომი მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი

973. მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა მითხრა ანბავი მისი და მისისა სასურველისა რა ჭირნი დათმნა ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა ჰკლავს სურვილი და ვერჭვრეტა მისისა დამმარხველისა

974. ვითა მთვარე დაუდგომლად იარების არ დადგების მასვე ცხენსა შენეულსა ზის აროდეს გარდახდების არას ნახავს პირმეტყველსა ვით პირუტყვი კაცთა კრთების ვაი მე მისსა მგონებელსა ვაჲ მას ვინცა მისთვის კვდების

975. მის ყმისა ცეცხლი მედების დამწვა ცეცხლითა მისითა შემებრალნეს და გავშმაგდი გავხე ცნობითა ვისითა მამინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ქვიშითა შევიქეც ვნახენ მეფენი მყოფნი გულითა მქისითა

976. დავეთხოვე და გამიწყრეს მეფე მიეცა ჭმუნვასა დავჰყარენ ჩემნი ლაშქარნი მით იზახიან მუნ ვასა გამოვიპარე დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა აწ ვეძებ მისთა წამალთა ვიქმ იქითაქათ ბრუნვასა

977. შენი მან მითხრა ანაბავი მისგან ძმობისა შენისა აწ მიპოვნიხარ უებრო შენ საქებელი ენისა გამომირჩიე სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა მისთა მჭვრეტელთა ლხინისა ვერმჭვრეტთა ამაზრზენისა

978. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა გულამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ დამთმობარითა მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა

979. ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა პირისა ზოგთაგან სრევა რიდისა ფრიდონ სტირს მოთქვამს ხმამაღლად გაყრილი წლისა შვიდისა უნახობა და სიცრუე ვაი საწურთოსა ფლიდისა

980. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ ვერსაქებო ვერსათქმელო ხმელთა მზეო სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო მოახლეთა სალხინოოსიცოცხლეო სულთა მდგმელო ცისა ეტლთა სინათლეო დამწველო და დამანთქმელო

981. რა მოგეშორვე მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია თუცა შენ ჩემად არა გცალს მე შენთვის მომსურვებია შენ უჩემობა ლხინად გიჩს მე დია მიმჭირვებია ოხერ სიცოცხლე უშენოდ სოფელი გამარმებია