... (A-656), XIX ს.

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა

943. ყმა მტირალი სამოცათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა ეს სამეფო ვისი არის ან მორჩილობს ვისსა ხმასა

944. მათ მოახსენეს ტურფაო სახით და ანაგებითა გვეუცხოვე და გვეკეთე მით გეუბნებით ქებითა აქამდის ზღვარი თურქთაა მოზღვრე ფრიდონ ზღვრებითა ჩვენცა ვისნი ვართ გიამბობთ თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა

945. ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა მოყმე მხნე უხვი ძლიერი ფიცხლად მომხლტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩვენი პატრონი მსგავსი ცით შუქთა მფენისა

946. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მივალ ან გზასა აქვს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღვრეს არ დააგდეს გზამდის კიდე

947. მოახსენეს ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდფიცხელი მახვილხრმალი აქა დაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო ფერად ლალი ვაი რად დაგვწვენ უცხოს უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

948. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო რად ხართ ჩემთვის გულმოკლულნი ანუ აგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი თქვენმცა მაშინ გენახენით ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით ჩვენგან სხდიან მხიარულნი

949. იგი წავიდა დაბრუნდა ყმა გზასა თავისწინასა ვისი გავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა მიაცორვებს და მიუბნობს მოსთქვამს მისსავე ლხინასა ნარგისნი ქუხან ცრემლსა წვიმს ჩარცხის ბროლსა და მინასა

950. ვინც გზასა ნახნის უცხონი მსახურებდიან ყმობდიან მოეხვივნიან საჭვრეტლად მას ზედა სტრფიალობდიან ეძნელებოდის გაშვება გაყრასა ძლივ დასთმობდიან გზის ყოლაუზი მისციან კითხის რა უამბობდიან

951. მულღაზანზარს მიეახლა ადრე დალევს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა გვანდეს მსრველსა ყოვლგნით ალყა შემოეკრა მოსდგომოდეს გარე ველსა ისვრიან და იზახიან მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა

952. კაცი ემთხვია მას კითხა ამბავი მის ლაშქარისა უბრძანა ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა მან უთხრა ფრიდონ ხელმწიფე მეფე მულღაზანზარისა იგი ნადირობს შეუკრავს ნაპირი ველშამბნარისა

953. მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა გამხიარულდა შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა მისთა გამყრელთა დააზრობს შემყრელთა დასწვავს მზე ვითა ნახვა მჭვრეტელთა ახელებს ტანი ლერწამობს რხევითა

954. იგი რა ნახეს მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქათ უვლიდეს ზოგნი უკანა ყვებოდეს ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო ვერცა რას ეუბნებოდეს

955. მინდორსა შიგან გორი დგა ფრიდონ მას ზედა დგებოდა ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა მუნ დაემართა ავთანდილ მას თანა ყოლბი ჰყვებოდა ფრიდონს უკვირდა რა ქმნესო მისთა სპათათვის წყრებოდა

956. ფრიდონ მონა გამოგზავნა წა ნახენო ისი სპანი რა ქნეს ალყა რად დაშალეს სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლა მოეგება ნახა სარო მორჩი ტანი დადგა თვალნი გაურეტდეს დაავიწყდეს სიტყვის თქმანი

957. ავთანდილ სცნა თუ ისია მოამბვედ ჩემად რებული უთხრა არქვი შენს პატრონსა ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი საყოფთა მოშორვებული ძმადფიცი ტარიელისი თქვენს წინა მომგზავრებული

958. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად უთხრა მზე ვნახე მოსრული ჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ თუ ბრძენთა ნახონ ისი სად ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად

959. რა ტარიელ მოისმინა ფრიდონს ჭირი უსუბუქდა თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს გული უფრო აუჩუქდა მონაქროლმან ვარდი დაზრა წამწამთაგან ბუქი ბუქდა შეიყარნეს ერთმანერთი მათგან იქო არ გაუქდა

960. ფიცხლა იგი ქედი ჩავლო ჩაეგება ფრიდონ წინა რა შეხედნა ესე თქვა თუ თუ არ მზეო ისი ვინა მას მეტობდა რაცა ქება მონისაგან მოესმინა ერთმანერთსა გარდაუხდეს ლხინმან ცრემლი აფრქევევინა

961. მოეხვივნეს ერთმანერთსა უცხოებით არ დარიდონ თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ მზე მათ თანა გააფლიდონ მამკალ ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ყიდონ