... (A-656), XIX ს.

930. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს თქვენ ანათობთ მთად და ბარად ხელსა მალხენს ნახვა შენი ამად გიჭვრეტ არდამცთარად მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად გაუმთბარად

931. თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს მე გლახ ორნი დამიყრიან გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არად შესწონს არაოდეს არ იმტკივნებს წყლულსა დანა ვერა კურნებს გაკვეთს ანუ გაამსივნებს

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებასა

932. მიმავალი ცასა შესტირს ეუბნების ეტყვის მზესა ეჰა მზეო გეაჯები შენ უმძლესთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა გაამაღლებ მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყვარელსა ნუ შემიცვლი ღამედ დღესა

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან

933. მო ზუალო მომიმატე ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე სიბნელესა მიმეც ხშირსა შემომყარე კაეშნისა ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ შენია და შენთვის ტირსა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან

934. ჰე მუშთარო გეაჯები შენ მართალსა ბრჭესა ღმრთულსა მოდი უყავ სამართალი გაებრჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ უმართლესსა ნუ წაიწყმედ ამით სულსა მართალი ვარ გამიკითხე რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან

935. მოდი მარიხო უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი მას გააგონენ ენითა როგორ გასრულ ვარ შენ იცი გული აღარას ლხენითა

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან

936. მოდი ასპიროზ მარგე რა მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა ვისმე ჩემებრსა დააგდებ გახდი ცნობითა შმაგითა

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან

937. ოტარიდო შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსაწვრილსა ვითა თმასა

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან

938. მო მთვარეო შემიბრალე ვილევი და შენებრ ვმჭლდები მზე გამავსებს მზევე გამლევს ზოგჯერ ვსხვდები ზოგჯერ ვწვლდები მას უანბენ სჯანი ჩემნი რა მჭირს ანუ რაგვარ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გამწირავს მისი ვარ და მისთვის ვკვდები

939. აჰა მმოწმობენ ვარსკვლავნი შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან მთვარე ასპიროზ მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან მას გააგონნენ რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან

940. აწ გულსა ეტყვის ვითამცა გდის ცრემლი არ გაგხმობია რას გარგებს მოკლვა თავისა ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ ლხინი რა დასათმობია

941. თუ დავრჩეო ესე მიჯობს სიცოცხლისა იტყვის თუსა ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა ნუ ვიზახი მიწყივ უსა მიიმღერის ხმასა ტკბილსა არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა გვანდის ბუსსა

942. რა ესმოდის მღერა ყმისა სმენად მხეცნი მოვიდიან მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან ისმენდიან გაჰკვირდიან რა ატირდის ატირდიან იმღერს ლექსთა საბრალოთა ღვარისაებრ ცრემლნი სდიან