ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

953. ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულ- “ანუ ეგრედ ვით გეკეთნესთ ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი? | ნი, “თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით , არ საპყრულნი, “ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი.”

954. იგი წავიდა, დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა; მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა, ნარგისნი ჰქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩაჰრცხის ბროლსა და მინასა.

955. ვინც გზასა ჰნახნის უცხონი, მსახურებდიან, ყმობდიან, მოვიდოდიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, გზის ყოლაუზი მისციან; ჰკითხის რა, უამბობდიან.

956. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დაჰლევს გზასა გრძელსა; მინდორს ჰნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისვრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან, ვითა მჭელსა.

957. კაცი ემთხვია, მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა, უბრძანა: “ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?” მან უთხრა: “ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა, “იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

958. მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა; გამხიარულდა, შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა! მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს, მზე ვითა, ჰნახოს, მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს, ხე ვითა.

959. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა, ყმამან ცხენი შეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა, შესტყორცა და ჩამოაგდო; დაეცა და სისხლი სდინდა; გარდაჰხდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შესჯდა, არ აქშინდა.

960. იგი რა ჰნახეს, მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაჰშალეს მოვიდეს, მოეხვევოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს: “ვინ ხარო?” ვერცა რას ეუბნებოდეს.

961. მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედან დგებოდა, ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა; მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა; ფრიდონს უკვირდა, – რა ჰქმნესო მისთა სპათათვის წყრებოდა.

962. ფრიდონ მონა გამოჰგზავნა: “წა, ნახეო ისი ჰსპანი; “რა ჰქმნეს, ალყა რად დაჰშალეს, სად წადიან, ვითა ბრმანი?” მონა ფიცხლავ მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი, დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

963. ავთანდილ სცნა თუ, ისია მოამბედ ჩემად რებული; უთხრა: “ჰრქვი შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული, “ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორებული, “ძმად-ფიცი ტარიელისა, თქვენს წინა მოგზავნებული”.

964. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად, უთხრა: “მზე ვნახე მოსული, ჩანს მანათობელად დღისისად; “ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ჰნახონ ისი სად, – “ვარ ძმაო ტარიელისა შეყრად ფრიდონის მქისისად”.”

965. რა ტარიელ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თვალთა ცრემლი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაჰზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

966. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა; რა შეჰხედნა, მან ესე სთქვა: “თუ არ მზეაო, ისი ვინ ა?” მას მეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა.

967. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდონ; თვით უსახო ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ჰნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, – მომკალ , ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ანუ ჰყიდონ.

968. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვინ ვით ეგებიან! მაგრა მას ახლავს ქებანი, მართ მეტი არ მიჰხვდებიან; მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

969. ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისას მივლენ სრასა; დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა; ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი-აქათ იქმან ჯრასა, სთქვეს: “ასეთი ხორიცელი შეუქმნია, ნეტარ, რასა!”

970. ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფი, ვიცი, ამბისა თხრობასა, “გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა, “ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა, – “იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

971. მე ვარ ყმა როსტენ მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, “დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით, “ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, “საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

972. “დღესა ერთსა მეფე შესჯდა, ნადირობას გამოვიდა; “მინდორს ვნახეთ ტარიელი, ცრემლთა ჰღვრიდა, ველთა ჰრწყვიდა; “გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვივეთ და არ მოვიდა; “ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.