ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

973. “მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და სწყრებოდა; “მან უჭირველად დაჰხოცნა, ომი არ მისჭირდებოდა; “ზოგსა მხარ თეძო დაჰლეწნა და ზოგსა სული ჰხდებოდა; “მუნღა სცნეს ეტლი მთვარისა, რომე არ დაბრუნდებოდა.

974. “მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა სცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას-მკრთალთა; “რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა, “ცხენსა მისცა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

975. “ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავწამეთ ეშმაურობა; “მეფე დაჭმუნდა, დაჰშალა სმა, ნადიმობა, პურობა; “მე ვეღარ გავძელ მისისა ამბისა ვერ-დასტურობა, “გამოვიპარე საძებრად, მწვიდა ცეცხლი და მურობა.

976. “იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი; “მათ მასწავლეს, ხატაველნი ვნახე მისგან დაკოდილი; “ვპოვე ვარდი მოყვითანე, შუქ-მკრთალი და ფერ მიხდილი; “შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

977. “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია; “მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; “მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახლად, არ ახლებია, – “ვაჲ მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

978. “ქალი მარტო ქვაბსა შიგან სტირს მტირალი, ცრემლ-ნაწთომი, “ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა, ვითა ლომი, “მიარმევს და აგრე არჩენს იგი, ერთგან ვერ დამდგომი, “მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

979. “მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა, “მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა; “რა ჭირი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა; “ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა მისისა დამმარხველისა.

980. “ვითა მთვარე, დაუდგრომლად იარების, არ დადგების, “მასვე ცხენსა შენეულსა ჰზის, აროდეს გარდაჰხდების, “არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი, კაცთა ჰკრთების; “ვაჲ მე, მისსა მგონებელსა, ვაჲ მას, ვინცა მისთვის ჰკვდების!

981. “მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცრემლითა ცხელითა, “შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა, “მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა, “შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

982. “დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა; “დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა; “გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, “აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქეთ ბრუნვასა.

983. “შენი მან მითხრა ამაბავი მისგან ძმობისა შენისა, “აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა, “გამომირჩივე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, “მისთა მჭვრეტელთა ლხინისა ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა”.

984. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვათა მის ყმისა ნაუბარითა; ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულ-ამოსკვნილნი გულითა სტირან ვერ-დამთმობარითა, მუნ ვარდთა წყლითა ცხელითა ჰრწყვენ, ტევრთა საგუბარითა,

985. ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა; ფრიდონ სტირს, მოთქვამს ხმა მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა: “უხანობა და სიცრუე, ვაჲ, საწუთროსა ფლიდისა!”

986. ფრიდონ მოსთქვამს: “რა შეგასხათ, ვერ საქებო, ვერ სათქმელო! “ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსმელო; “მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა-მდგმელო, “ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

987. რა მოგეშორე, მას აქათ სიცოცხლე მომძულებია; თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გჩანს, მე დია მიმჭირვებია; ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”

988. ფრიდონ სთქვა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა; სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა; ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა ჰაერ-ფერითა, მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

989. ქალაქს შევიდეს, მუნ დახვდათ სრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა; მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს სრულითა, შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.

990. შევიდეს და დიდი შეჰქმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი, იქით-აქეთ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი! თვით ორნივე ერთგან დასხდეს, ვინცა ვით სთქვას ქება მათი! ბროლ-ბადახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

991. დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მძახალი მძახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა, მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა.

992. მას დღე ჰსვეს, სჭამეს, გარდაჰხდა ნადიმი მსმელთა დასისა; გათენდა, ჰბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შეჰმოსეს დრაკნისა ბევრ ათასისა, შეარტყეს წელსა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.