ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

897. “რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა, უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.

898. “მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, – მუნამდის არ მიკვნესია!– შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ჴელმწიფეთა წესია, მოვიდეს, – დია გავკვირდი, ვთქვი: “რამე საქმე ზესია”.

899. “მისალამეს, – “ფატმან”, – მითხრეს, – “ბრძანებაა ღმრთისა სწორთა: დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა, აწ მომგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა”. ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

900. “მე გაკვირვებით კვლა ვკითხე: “რა ქალი გინდა, რომელი?” მათ მითხრეს: “უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი” არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი, ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

901. შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად, ვჰკადრე: “მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ რულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად, შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად”.

902. “მან მითხრა: “დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია! ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! სხვა-და-სხვა ჭირი ჩემზედა არ-ახალია, ძველია”.

903. “თვალთათ, ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი, მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

904. “შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა, თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა, მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.

905. “ვარქვი: “ჩემო, განღა სადმე გეჴმარების ესე გვარი”. მათ მონათა ჴელთა მივეც იგი პირი მზისა დარი. ცნა მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გაჴდა ზარი,– იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

906. “ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა: “გამჴადა ნახული მე უნახველად ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად! ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ჴელი თუ რბოდეს, ახ, ველად!”

907. “გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

908. “არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გუ მისი, სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

909. “მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების? ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების: ან ვისიმე მიჯნურია, სიყვარული ეგონების, მისგან კიდე არვისად სცალს, არცაღა ვის ეუბნების.

910. “ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი.

911. “ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ესე მზე, და-, მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული, მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული”.

912. “ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულ-იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

913. “მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი სძალისა,– მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა,– დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა,– მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა. –

914. “მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა”. – დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ჴელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დაჰსვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

915. “უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად. – ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად, სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

916. “გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: “რა ბედი მიძ, – ჩემი სასჯელი! სადაური სად მოსრულ-ვარ, ვის მივჰხვდები, ვისთვის ჴელი, რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”