ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

915. “სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, “გწადდეს , გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა; “მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებისა ნაგითა, “ოდენ გამაგრდი,არ მოჰკვდე, არ დადნე ცეცხლთა დაგითა.

916. “ამის მეტსა არა გნუკევ, წელიწადსა ერთსა მზგეფსა, “აქა ქვაბსა მომნახვიდი მე ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; “ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა, “ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითომცა ძაღლი ჰყეფსა.

917. “ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე, “სცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვდე კიდე, “ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე; “მაშინ გწადდეს, იხარებდი, გწადდეს , ჭმუნვა გაადიდე.

918. “აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი! “მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; “არ უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი; “არ ვიცი, ღმერთი, რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი..”

919. მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამიმეტდეს, “არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს; “თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს, – “ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

920. “რა დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა, “ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა; “შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომც გინდა ხელობა; “უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!”

921. საუბარი გარდასწყვიტეს, დააპირეს ესე პირი; ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოჰკლეს ველს ნადირი; შემოიქცეს, აატირეს გული, კვლავცა ანატირი; ხვალ გაყრისა გონებამან ხხვა უმატა ჭირსა ჭირი.

922. ლექსთა მკითხველნო, თქვენიმცა თვალნი ცრემლისა მღვრელია, გულმან რა გლახ ჰქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია; მოშორება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია; ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია.

923. დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს, ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლი ალამნეს; სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს; მათ ლომთა მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

924. ქვაბნი ჩავლნეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი; ასმათ სტირს, მოსთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! “მზემან დაგწვათ და დაგდაგნათ ცისა მნათობნი ზენანი; “ვაჲ, ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვაჲ სიცოცხლისა თმენანი!”

925. მათ ყმათა, მუნით წასულთა, იგი დღე ერთად იარეს, ზღვის-პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამით, კვლავ ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს-ყოფა იტირეს, იმგლოვიარეს.

926. ტარიელს ეტყვის ავთანდილ: “რუ გახმა ცრემლთა დენისა! “რად მოიშორე შენ ფრიდონ, მომცემი ამა ცხენისა? “მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა მშვენისა; “აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა”.

927. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: “აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა; “თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა”.

928. თხა მოჰკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შეჰქმნეს ზღვისა პირსა, ჰსვეს და სჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვნეს ხეთა ძირსა, – ვგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.

929. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს; მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს; თვალთა, ვითა წყაროს წყალნი, ცრემლნი ველთა მოადინეს, დიდ-ხან იდგან შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

930. გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი დაღმა, უგზოთ მივლენ შამბთა ეჯით; ვირემ უჩნდათ ერთმანერთი, იძახდიან პირსა ბღნეჯით; იგი ჰნახოს დაღრეჯილი, მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით.

წასვლა ავთანდილისა ფრიდონისას მუღლაზანზარს რომ შეეყარა

931. ვაჲ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა, მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!

932. ავთანდილ მისი გაყრილი სტირს, ხმა მისწვდების ცათამდის; იტყვის, თუ: “ღვარი სისხლისა კვლავცა მდენია, კვლამცა მდის; “აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის, – “კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.

933. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს ცრემლითა მუნ ნატირითა; ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა; კვლავ თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა, ბაგეთათ ვარდსა ანათებს ბროლი ძოწისა ძირითა.