ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

859. “მაშორვიდა, – ვერად ვიცან მომეახლა, – იყო ნავი ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, გამოვიდეს, – გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.

860. “გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედეს, მოიხედეს, – ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა, მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

861. “მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა, აჰჴადეს, – ქალი გარდმოსვეს უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,– მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა!

862. “რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ჴმელთ და ზესა დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა, უკმოვიხშევ კარი ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

863. “მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი ვუჩვენე: “ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩაედით, წყნარად ნუ ჩქარად მხლდომელნი, მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი.

864. “თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დაჴოცენით! მოიყვანეთ ისი მთვარე ქმენით კარგად, ეცადენით.” ჩემნი ყმანი ზედა-დაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, – შავნი ვნახენ მეტად წყენით.

865. “მე სარკმელთა გარდავადეგ რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შევუზახენ: “დაჴოცენით!”– დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს ჩავეგებე, ამომგვარეს, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.

866. “რა გიამბო ქება მისი, – რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა! ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ჰქმნა ნახაზობა! მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა!”

867. ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ჴელნი ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი, ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

868. მოიტირეს, – ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვედ, გაასრულე”. ფატმან იტყვის: “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

869. “ვჰკითხე: “მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა? იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?” მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა, ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა.

870. “რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა, გულ-ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

871. “მითხრა: “შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა! ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა”.

872. “ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.

873. “მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

874. “ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შევეხვეწი: “დადუმდიო”, წამ-ერთ ჰქონდის ჩემი თნევა. აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!

875. “ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუცა მეკითხა: “ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან?” მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან, მას ჴორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

876. “არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა,– ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა. –

877. “სხვა გიამბო საკვირველი, – რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა!– სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.

*