ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

895. “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს, “მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; “მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, “გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

896. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაინახა, გაღანამცა გაეხარნეს; მოეგება, მოსტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ჰღარნეს; აკოცეს და აცასტირდეს, კვლავ ცნობანი ააჩქარნეს.

897. ასმათ სთქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, “შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; “გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ საქებელო სმენითა! “დიდება შენდა, არ მომკალ, ამათთვის ცრემლთა დენითა!”

898. ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია, “საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია; “ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია; “ვაჲ, შენი ბრალი და თვარე სიკვდილი ჩემი ლხინია.

899. “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი, “მე თვალთა ჩემთა, მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! “უწყალობა ჰკლავს და წყალი სდის, არ ოდეს არ გახმობილი; “ვაჲ, წახდა ვარდი პობილი, ვაჲ, მარგალიტი წყობილი!”

900. ავთანდილსაც მოეგონა მისი მზე და საყვარელი; იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა-მდგმელი! “შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი; “გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ძნელი!

901. “ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მოჰშორდეს, არ დავჭკნეო, “ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო; “გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გააკლდეო; “ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დაჰლეო.”

902. სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი გზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლავ მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ იამებოდა.

903. მწვადი შესწვეს და შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არ სიდიადე ჯამისა; მას შეეხვეწნეს: “ჭამეო”, – ძალი არ ჰქონდა ჭამისა – დასცოხნის ლუკმა, გასტყორცნის, წონა ძლივ ჩაჰნთქის დრამისა.

904. ამაოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს! მან გაუგონოს, რაცა სთქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს, – დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

905. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავ-თავისად მათნი ჭირნი; რა გათენდა, კვლავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი, ერთმანეთსა გაუგონეს ფიცი პირველ დანაპირნი.

906. ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა: “რაცა შენ ჩემთვის გიქმნია, ღმერთი მზღველია ვალისა; “კმა ზენაარი ზენარად, – არ ნაქმარია მთვრალისა – “არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წამავალისა.

907. “აწ შემიწყალე, ნუ დამწვავ კვლავ წვითა უცხელესითა, – “მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა – “ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა; “წადი, დაბრუნდი, შეიქეც შენითვე, შენი მზე სით ა.

908. “ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, “ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გავჭრილვარ ხელი ველად; “რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად, “აწ ნობათი ხელობისა მომხდომია, მით ვარ ხელად”.

909. ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა, “შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნათ სწავლულისა: “ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლავ განკურნება წყლულისა, “იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

910. “ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით, “არღა შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით; “სდევს ფათერაკი მიჯნურსა, – გაჭვრიტეთ, გაიცადენით – “თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით.

911. “ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია – “ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! – “ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია; “რაცა მიწვრთიხარ, იწვართე, გკადრო, – უწვრთელი ვირია.

912. “თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმაა სწავლა სწავლად: “ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად, “მოვახსენე: “რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად, “არას გარგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად”.

913. “მან მიბრძანა: “მადრიელ-ვარ, კარგად ხარ და მამაცურად, “შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად;“ “მისის კითხვით წამოვსრულვარ, არ მთრვალ-ვარ და არ მახმურად, “აწ შევიქცე, რა ვუამბო? – “რად მოხველო ჯაბან-ხდლურად?”

914. “მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი: – “მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; – “ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭკნობილი? “შენ ვერას ირგებ, მე მარგებ, – ძმა ძმისა უნდა ძმობილი.