... (W-27), XVII ს.

998. მოვიჴმენ ოთხნი მონანი ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩუენე ხედავთ ინდოთა ტყვედ ჰყუანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩაედით წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით რისაცა იყონ მდომელნი

999. თუ არ მოგცენ ნუღარ მისცემთ წაგვარეთ და დაჰხოცენით მოიყუანეთ ისი მთვარე ჰქენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედა დაღმან ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრნეს არ მოჰყიდეს შავნი ვნახენ მეტად წყენით

1000. მე სარკმელთა გარდავადეგ რა შევიგენ არ მოჰყიდეს შევუზახენ დაჰჴოცენით დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივეს შემოადგეს ქალსა სცვიდეს ჩავეგებე გამოვგუარე ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

1001. რა გიამბო ქება მისი რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა არა მართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა ვინმცა ვით ქნა ნახაზობა მე თუ დამწუავს აჰა მზა ვარ არღა უნდა ამას მზობა

1002. ესე სიტყვა დაასრულა ფატმან იკრნა პირსა ჴელნი ავთანდილსცა აეტირნეს გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი დაავიწყდეს ერთმანერთი მისთუის გახდეს ვითა ხელნი ღვარმან ზედათ მონადენმან გააწყალნა ფიფქნი თხელნი

1003. მოიტირეს ყმამან უთხრა ნუღარ გასწყვედ გაასრულე ფატმან იტყუის მივეგებე გული მისთვის ვაერთგულე გარდუკოცნე ყოვლი ასო თავი ამად მოვაძულე ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა შევეკვეთე გავესულე

1004. ვჰკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო ანუ შვილი ვისთა ტომთა ამა ზანგთა სით მოჰყუანდი შენ პატრონი ცისა ჴომთა მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა ასნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა

1005. რა მივაჭირვე კითხვითა მეტითა საუბარითა გულ ამოკუნესით ატირდა მით რამე ჴმითა წყნარითა ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭვრეტელი დავიწვი გავჴე გულითა მკუდარითა

1006. მითხრა შენ ჩემთუის დედაო ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა თუ რამცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა

1007. თქუა უჟამოდ არ წესია მოყუანა და მზისა ხმობა მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა ჴმობა უნდა ჟამიერად სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა

1008. ავიყუანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვთქუი უქი ჩამოვბურე მრავალკეცი სტავრა მძიმე არ სუბუქი სურვილმან და მზემან მისმან ძლივ დავმალე მზისა შუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი

1009. მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით მოუკაზმე სახლი ერთი შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე მე შევიდი ვნახი ხალვით

1010. ვით გიამბო საკვირველი მე გლახ მისი ყოფა ქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო წამერთ ჰქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა

1011. წინა შევიდი მას წინა ედგის ცრემლისა გუბები შიგან მელნისა მორევსა ეყრდნის გიშრის შუბები მელნისა ტბათათ იღურების სავსე სათისა რუბები შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები

1012. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან თუმცა მეკითხა ვინა ხარ და ეგრე გასრული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან მას ჴორციელი არ გასძლებს სხვა კიდეგანი ქუისაგან

1013. არად უნდის საბურავი არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყუის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა

1014. სხვა გიამბო საკუირველი რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა მაგრა მისი არა ვიცი ქნილი იყო რაგვარ რისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა

1015. მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა შესმენისა მქონდა რიდი ვთქუი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი ესე მქონდა საგონებლად კულავ შევიდი კულავ გავიდი

1016. ვთქუი თუ არ ვუთხრა რა უყო ჩემგან რა მოეგვარების არა არ ვიცი რა უნდა რა ვისგან მოეჴმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს ვერღარა მომეფარების მე ვით დავმალო ნათელი ვინ მზესა დაედარების

1017. მე გლახ მარტომან რა უყო მიმატებს ცეცხლთა დებასა მო და გავანდო ნუ შევალ უსენის შეცოდებასა არ გამამჟღავნოს ვაფიცო თუ მომცემს იმედებასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა