ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

840. “თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-, რითა. ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.

841. ყმამან უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად, გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად იმას კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად, რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.

842. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წაცამყვანელად, კვლავე მიჰყივლა:“ვინათგან ცეცხლი ცჴელია აწ ნელად, თუ მოვითაჰკლა იგი ყმა– ჩემად გულისა მფხანელად,– ბეჭედი ჩემი აცვია, – მას გვედრებ მოსატანელად”.

843. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა, ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა, დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.

844. მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა ჴმა-მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”. უჩვენებს, ეტყვის: “ჰხედავო ბანსა ზედათ ქვე მდგომელსა?– იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა”.

845. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა. ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ჴმასა, თვითო ჴელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა, თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.

846. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა ჴელ-სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა ვერღა აესწრა, იდუმალ მოკლა, – ვერცა თუ ვცანითა, ჴელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.

847. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მჴეცი და ვითა ზარია!– ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელთ მიწასა გარია,– ზღვათავე სარკმლით გასტყორცა, ზღვასა ქვიშათა დარია, მისთვის არცა სად სამარე, არცა სათხარად ბარი-ა.

848. “რა ფატმანისსა მოვიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი უბრძანა: “მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თვით მონა შენი მოწმად მყავს, – ფიცი აფიცე ღმრთიანი, აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მტკნარ–სისხლიანი.

849. “აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად? რას გექადდა ისი კაცი?– მესწრაფების მეტის მეტად”. ფატმან ფერჴთა მოეხვია: “არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად, გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთ ა შრეტად!

850. “მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით! ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრავე დაექადენით, თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით”.

*

851. – წესია ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა, არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.

852. “ჩვენ, დიდ-ვაჭართა, ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა ათ დღემდის ისმის ყოველგან ჴმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, – ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

853. “ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა ზედა, უსენ, წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, – მაწვეველი არად მინა,– დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით– მდიდარი თუ გლახა ვინ ა, დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

854. “დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით, კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.

855. “ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა, გავიტანე ხათუნები, – მათი ჭმევა ჩემგან ჴამსა მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ჴმასა, ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.

856. “იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი, მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი, მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი, კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

857. “ვაჭრის ცოლთა ვუმასპინძლე მხიარულად, ამოდ, დურად. – სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად, რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ-იყო რაცა პურად, მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

858. “უკ–მოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა, მფრინველად ვთქვი, ანუ მჴეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!