ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

876. მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა! “ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა, “მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა, – “არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

877. ავთანდილ უთხრა: “ველმოდი მართ მაგისავე თქმევასა; “აწ რადგან გითქვამს პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა: “სჯობს ასმათისა არ-ლევა მაგა სამხრისა ლევასა, “ამად არ გიქებ საქმესა, უარესისა რჩევასა.

878. “სამხრე გაბია ოქროსა, ოქრო-მჭედლისა დნობილი, “უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი ცნობილი; “აღარად გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი, “პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი,

879. “თქვენ შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა, “თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა, “მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა, “გლახ დაგიგდია, არ ნახავ? შაბაშ მართლისა ბჭობისა!”

880. მან უბრძანა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის მეტად: “საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად ჭვრეტად; “მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად; “რადგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ თუცავე ვარ ჯერცა რეტად”.

881. დაჰმორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი; ვერ მიგია ქება მათი ვერა ქება საქებარი: კბილი, ვითა მარგალიტი, ბაგე – ვარდი ნაპობარი: – გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

882. ამას ეტყვის: “შენთვის დავდებ გონებასა, სულსა, გულსა, “მაგრა შენცა ნუ ეგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა; “არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა; “არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

883. “არას გარგებს შეჭირვება; რომ ჭმუნვიდე, რა გერგების! “არ-თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების; “მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამს დღე არ დაჭკნების “ბედი, ცდა და გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხვდების”.

884. ყმამან უთხრა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს – “გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს; “მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს! “შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?

885. “ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების, “მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, დაცაშრტების; “რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს სხვათათვისცა ევარგების; “თავიდაღმე რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების!

886. “რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, “მერმეღა გაბრჭე მართალი მაგა გულითა ბრძენითა; “შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, “ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორად მოვლა მომინდა ცხენითა.

887. “ამა ქედსა გარდავადეგ, შამბი ისი მომეარნეს; “ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეჰკრბეს, ერთად შეიყარნეს; “ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს; “მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

888. “ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხი მოვიდეს ერთგან რებულნი; “სახედ ვამზგავსენ მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი; “შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი; “ლომი ჰსდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

889. “პირველ ამოდ ილაღობდეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: “თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს; “გამოჰრიდნა ვეფხმან გული, დედათამცა გამოჰრიდნეს. “ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

890. “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, “შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა” “ხრმალ გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა, “თავსა გარდავჰკარ, მოცავკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.

891. “ხმალი გავტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა, “მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; “მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლის მღვრელითა; “ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვჰკალ გულითა ხელითა.

892. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, “გავგულისდი, მოვიქნივე, ვკარ მიწასა, დავაწყვიდე; “მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე, “სული სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, რომ ცრემლსა ვღვრიდე!

893. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; “სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასვლა რას გიკვირდა! “სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა;” ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულ-ჰთქმნა, აცასტირდა.

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა

894. ავთანდილცა მასთანავე სტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა; უთხრა: “დასთმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დას- “ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; | ჭრიდა! “თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთგან არ შეგყრიდა.