ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

820. “ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად!– მნათობთა შენი შეჰხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

821. “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან: ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან! შენი შვენება ყვავილთა აჭნობს და ჩემნიც ჭნებიან! სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

822. “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა, მაგრა რა ვირგო, დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა, გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა!– თუ რას მეწევი, მეწივე, თვარა მივჰხდები ცნობასა!

823. “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გგავიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა-დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს,– სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარ-ძი, ოდეს!”

824. ფატმან-ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი! თქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, – ვისა ვისი, რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი!”

825. ესე-გვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა. – მერმე იტყვის: “ჩემი შემწე ჩემგან კიდე არავინ ა! რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა, რათამცა ვით ვჰპოებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა!

826. “ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა მივჰყვე, მიამბობს ყველასა, – რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთ ა, ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდაჴდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

827. კვლა იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების, მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”

828. მიუწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, – ჩემი ქება. შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება, შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება”.

829. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე! მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვებ მარტოსა მე, მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

830. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წაცავიდა, – სხვა ემთხვია მონა გზასა: “ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”. მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”

831. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლა ზევე უკუ-წვევითა. ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო რხევითა, დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შფერ–შეცვლით, რყევითა. ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

832. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ჴრმალ-დარაკიანი, დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ, – ჰგავსო თუ გზაა კლდიანი.

833. ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მიდამო-კრთოლასა. გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!

834. “გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელი-ღა ვრბოდე მე ველად!”

835. ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი, ფატმან შექმნა თავის ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი თქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაკარნი!”

836. მოთქვამს: “მოვკალ, ჰაი ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვა, გამზრდელნი, ვა გაზრდილნი! ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, – სიტყვანია ჩემნი წბილნი”.

837. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული? რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული? დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”

838. “ესე-გვარი დია მიხვდეს სიტყვა-მცდარსა, ენა-მეტსა, ხვაშიადის ვერ მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

839. “ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით: მოვითაჰკლავ იმა კაცსა, – წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დაჴოცასა დაგვხსენ ამით! მოხვალ, – გითხრობ ყველაკასა, მე ვითა ვარ ცრემლთა ლამით.