ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

856. “ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ, “მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ? “ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ; “თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?

857. “ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილი სდებიან, “ვის არ უნახავს პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან? “მითხარ, უსახო რა ჰქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან, “არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან?

858. “ვარდსა ჰკითხეს: “ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად-პირად? “მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად?” “მან სთქვა: “ტკბილსა მწარით ჰპოვებ, სჯობს იქმნების რაცა ძვირად; “ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად”.

859. “რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო, “მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო? “უბოროტო ვის ასმია, რაცა კარგი საეშმაკო, – “რად ემდურვი საწუთროსა, რა უქმნია უარაკო!

860. “ისმინე ჩემი თხრობილი, შესჯე, წავიდეთ ნებასა, “ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა, “რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა; “ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა”.

861. მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძვრადმცა არ ძალ-მიძს ენისა, “ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა, “რად ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა? “აწ მივწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

862. “ამას მოკვდავი ვილოცავ, არ ოდეს ვითხოვ არ ენით; “აქა გაყრილნი მიჯნური მუნამცა შევიყარენით, “მუნ ერთმანერთი კვლავ ვჰნახნეთ, კვლავ რამე გავიხარენით; “მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!

863. “საყვარელმან საყვარელი ვით არ ჰნახოს, ვით გასწიროს! “მისკენ მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ-კერძ იროს; “მივეგებე, მომეგებოს, ამიტირდეს, ამატიროს, – “ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს.

864. “მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა: “სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსა-ღა დავყოფ მცირასა; “არ ცოცხალ-ვიყო, რას მაქნევ, რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა! “დამშლიან ჩემნი კავშირნი, შეჰრთვიან სულთა სირასა.

865. “რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად, “სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად; “აწ გამიარმდა სოფელი მეტად ყოვლისად ჟამისად, “მუნ მეცა მივალ ცრემლისა მიწად, სად გამდის ლამისად.

866. “ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს ბრძნობასა! “ეგ საუბარი მაშინ ჰხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა; “ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს დაიწყებს ჭკნობასა; “მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა”.

867. კვლავ ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა, ეტყვის: “ არ მოვკვდე, გერგების სიტყვითა რა ოხერითა! “ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა;” ვერ წაიყვანა, ვერა ჰქმნა სიტყვითა ვერა ვერითა.

868. მერმე უთხრა: “აჰა, რადგან არ მომისმენ არას არა, “არას გაწყენ, ენა ჩემი აქამდისცა ცუდათ მცდარა; “თუ სიკვდილი გიჯობს, მოჰკვე, ვარდი დაჭკნეს, დაცამჭკნარა; “ერთსა რასმე გიაჯები, მიყავ ცრემლი ჰღვარა:

869. “სადა ინდონი ბროლ-ვარდსა ჰსარვენ გიშრისა სარითა, “მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა; “ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა; “შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვსთქვა რითა!

870. “ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი, “ერთხელ შესჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა-მხდელი, “ნუთუ მაშვინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი, “მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი”.

871. ეხვეწებოდა: “შეჯეო,” აჯა-ხვეწნითა, არ ვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა, ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა; დაიმორჩილა, იამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

872. ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა;” მან მოჰგვარა, წყნარად შეჰსვა, არ სიჩქარით ააქშინა: მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძვრევინა; ხანი წარვლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

873. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა, მისთვის ჰძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა, მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა; მოიშორა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.

874. რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან, გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან, ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხვრა-ახმან; ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მძრახმან.

875. შერასმეჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ მალული: “ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული, – “ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, “რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? სთქვი, დავიღო მერმე სული”.