ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

801. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა ჰმალავს ამითა.

802. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა, ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა: “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?–

803. “წვრილად მითხარ ყველაკაი”, ყმა მას კაცსა ეუბნების, “რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?” ჰკადრა: “ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მემეცნების რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

804. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

805. “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა; პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

806. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესსა სეფედ დასხმენ, – ფასსა მუნვე დაუთვლიან მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

807. “თქვენებრთა საპატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება გამოგება და წაყვანა მას ჰმართებს, – თქვენი ქენება. – დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ჴსენება. –

808. “ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი”.

809. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”. მებაღე მირბის, იხარებს, ოფლი მკერდამდის ჩასდიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან, ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

810. “ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

811. ფატმან-ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა, სათი მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი.

812. ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა, მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყევ, არ ეწყინა.

813. ფატმან-ხათუნ, – თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ–ხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი, დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.

814. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს თუ: “ვარგა”. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, – ღმერთო, არ დაკარგა?!– სვეს და ჭამეს, – დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა. –

815. დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა, ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ”, აჰკიდა, გააწევინა “თქვენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა”.

816. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა.

VII. კარი მეშვიდე. ავთანდილისგან ნესტანფარეჯანის ამბის ცნობა ფატმანის გამიჯნურება ავთანდილისთვის. – მოკლვა ავთანდილისაგან ჭაშნაგირისა, ფატმანის საყვარელისა. – ფატმანის ნაამბობი: ფატმანისაგან ზაგთაგან წაგვრა ნესტანდარეჯანისა და დამალვა. – ფატმანის ქმრის უსენისაგან საიდუმლოების გამხელა ზღვათა მეფის წინაშე, ნესტანდარეჯანის სასახლეს მიყვანა და მეფის ძის საცოლოდ დაწინდვა, – ნესტანდარეჯანის გაპარვა და გაქცევა ფატმანისაგან– ნესტანდარეჯანის შეპყრობა ქაჯთაგან, დაწინდვა მისი ქაჯთა უფლის–წულის საცოლოდ და ტყვეობა მისი ქაჯეთის ციხეში. – ფატმანისა და ავთანდილისაგან კვლავ ცნობა ნესტანდარეჯანის ამბისა ქაჯეთის ციხითგან. –ავთანდილის წასლვა ტარიელთან

817. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების!” აწვიმებდა, ცრემლთა ჰღვრიდა.

818. “მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეჰხედვაცა დამიძვირდეს თუ არ ვუთხრა, რაგვარ გავსძლო, – ცეცხლი უფრო გამიხშირდეს!– ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს”

819. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი,– უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი.