ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

836. “ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ, “მას მოვშორდი, ვერ ვიახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ, “გამოპარვით წამოსვლითა ღვთისა სწორნი მოვიმდურვენ, “ნაცვლად მათთა წყალობათა, მათნი გულნი შევაურვენ.

837. “პატრონი ჩემი გამზრდელი, ღვთისგან დიდად ცხოველი, “მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი, – “მას ვუორგულე, წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი, – “მისი შემცოდე ღვთისაგან კარგსა აღარას მოველი.

838. “ესე ყველაი ასე მჭირს, დაო, ბედითა მისითა, “არ ვუტყუვე და მოვსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა; “აწ იგი სადმე წასულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა, “ცუდ-მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.

839. “დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო, “არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავაადრო: “წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო, “თვარე ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვკადრო”.

840. ამის მეტი აღარა სთქვა, ატირდა და წამოვიდა, ქვაბი ჩავლო, წყალსა გაჰხდა, შამბი გავლო, ველს გავიდა; ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ჰზრვიდა; “რად მიმეცო ამა ჭირსა?” ბედსა ამას უზრახვიდა.

841. იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა, “რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა? “ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა, “მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა!

842. “მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა, “იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა; “მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა, “სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.

843. კვლავ იტყვის: “მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა, – “რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? “სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა; “აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა”.

844. “ყმა გაემართა საძებრად, მტირალი, ცრემლთა-მფქვეველი, ეძებს, უძახის, უყვირის, დღეებრ ღამეთა მთეველი, სამ-დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი, ვერ ჰპოვა, მივა მჭვუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.

845. იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, ეზომ დიდი რა გაწყინე, “რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე! “გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე, “დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირნი ამით გამილხინე!”

846. მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ შეცვლილი, ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა, მზიან-ჩრდილი, ჰნახა შავი შამბთა პირსა დგას სადავე-უკუყრილი, სთქვა: “უცილოდ იგიაო, არად უნდა ამას ცილი”.

847. რა შეჰხედა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა, აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა, ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათის სათდა, ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

848. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა, ახლოს-მყოფსა სიკვდილისად, სჯდა და პირი დაებღნიჯა, საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა; მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

849. ერთკენ უც ლომი მოკლული და ხმალი სისხლ-მოცხებული კვლავ სხვაგან ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვე-დანარცხებული: მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული, მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

850. თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა, მიახლებოდა სიკვდილსა, მოშორებოდა ნობასა; ყმა სახელ დებით უყივის, ჰლამის სიტყვითა კრთობასა; ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა.

851. ხელითა ცრემლსა უწურავს თვალთა ავლებდა სახელსა, ახლოს უზის და უყივის მართ სახელ-დებით სახელსა, იტყვის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?” მას არა დია შეესმის რეტსა თვალ-დაუფახელსა.

852. ესე ყველაი ასრეა რაცა აწ ჩემგან თხრობილა, – ცრემლნი მოწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა; მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა; ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მისებრივ არვინ შობილა.

853. უთხრა: “ძმაო, არ გიტყუვე გიყავ, რაცა შემოგფიცე, “გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე; “აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე, “მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთ საჭმელად არ მივიცე”.

854. ყმამან უთხრა: “რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა. “ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა, “ვის უქმნია შენი მსგავსი, სხვათა კაცთა ნათესავსა! “რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

855. “თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: “ჰხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად სტირსა, “ჭირსა შიგან გამაგრება ასე უნდა ვით ქვიტკირსა, – “თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.