ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

782. “უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ჴმელთა სპანი განგებაა, – არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი,– ვერ მიჴსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი. ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

783. “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგჴოცნენ, ჩაიჴშენით თანა კარნი მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიჴმარნე ლომნი მკლავნი, მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

784. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ-მკრჩხალითა. მას ჴელთა კეტი რკინისა ჰქონდა, – ჴელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დაჴოცნა ჴრმალითა.

785. კიოდეს იგი ლაშქარნი, ჴმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, – ლომს მკლავი არ უდრკებოდა.

786. მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰჴსოცდა, ვითა თხასა ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, – ჰმალვენ ჴმასა.

787. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისა გულსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგვჴოცო, შენსა სჯულსა!” არ დაჴოცნა, – დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა. – მართლად იტყვის მოციქული — “შიში შეიქმს სიყვარულსა”.

788. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ნახა მხიარული, – გაეხარნეს, არ იახნა,– ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

789. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერჴთა, ხელსა ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა: — მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა, — “შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა”.

790. ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისცა ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა, იგი იქმან ყველაკასა, – იდუმალსა, ზოგსა ცხადსა, ჴამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

791. “ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ? – მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქმენი?– აწ დავჴოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულე, რაცა ვთქვენი– ნავი სავსე საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.

792. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, – ნავი სრულად გარდმოცალეს დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

793. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: “შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ცვილობა: რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, რასაცა მოგვცემ, გვიბოძე გვიქნია აქა ყრილობა”.

794. ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინნა, – მე რა ვარ, მე, გლახ, რა მომილხენია! რა გინდა მომცეთ, – რას ვაქნევ? –მე ვარ და ჩემი ცხენია!

795. “მე თუცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, – უსახო ლარ-საგებელი რას ვაქნევ თქვენსა?– არ მინდა. ოდენ ვარ თქვენი მხლებელი სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

796. “აწვე რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდა, წაიღეთ, – არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მიაჯეთ სააჯო არ-საკრძალავი საქმე რამე მიც თქვენშიგა თავისა დასამალავი.

797. “ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ-თქვენსა-პატრონობასა “თვით თავადია ჩვენი”, თქვით, ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა. თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა”.

798. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს, მეტად დია მოვიდეს და თაყვანის სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია,– რაცა აჯად ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია,– მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.

799. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან. მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა, მას ყმასა კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.

*

800. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. – ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის-ბევრითა,– მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!–