ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

816. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვის მზიანისა ღამისად, “ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, “ვის გმორჩილობენ ციურნი ერთი იოტის წამისად, “ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად!

817. “ვის ხატად ღვთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი, “შენ მიშველე რა ტყვე-მქმნილსა, ჯაჭვნი მაბია, რკინანი! “ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ მინანი, “მაშინ ვერ გავძლე სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

818. ამას მოთსქმიდის, იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსვლა იამებოდის; მას ამზგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

819. მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღვთისა შენისა, “შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, “შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა, “მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა!”

820. ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასვლასა მზისასა; რა წყალი ჰნახის, გარდაჰხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, მასთანა ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, კვლავ გაემართის, ისწრაფდის წასვლასა მისვე გზისასა.

821. მარტო მოსთქვამდის, სტიროდის ტანად ალვისა ხიანი, მინდორს თხა მოჰკლის, სადაცა ადგილი დაჰხვდის კლდიანი, შესწვის, ჭამის, და წავიდის პირ-მზე, გულ-მარიხიანი, იტყვის: “დავყარენ ვარდნი და აჰა, მე ვაგლახიანი!”.

822. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა, მოუბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა; ზოგან თვალნი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა; ქვაბნი ჰნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

823. რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების, ვით იამა, სიხარულსა მართ ვერარას ვერ მიხვდების; ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების, – კაცი კაცსა მოელოდეს, მოსვლა უცხოდ იამების.

824. ყმა ქალსა ეტყვის: “პატრონი ნეტარ სად არის და ვითა?” ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა: იტყვის: “რა წახველ, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა; “აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით, არ ამბავითა”.

825. ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა; ქალსა ეტყვის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა, “იგი ფიცი ვით გასტეხა, არ ვეცრუვე, ვით მეცრუა! “ვერ იქმოდა, რად მიქადა, თუ მიქადა, რად მიტყუა!?

826. “თუ უმისოდ სოფელს-ყოფა რადგან ჭირად არ მიღირდა, “რად დავვიწყდი, რად მოვცილდი, რად ვერ გაძლო, რა მისჭირდა? “მან გატეხა ზენარისა რად შეჰმართა, ვით გაჰპირდა, “მაგრა ჩემის ბედისაგან ავი რამცა გამიკვირდა!”

827. კვლავ ქალი ეტყვის: “მართლაც-ხარ მაგისა დამძიმებასა, “მაგრა რა გაბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა: “არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა? – “იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

828. “გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედან ჰკიდიან: “რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან; “უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან, “შენ არ გინახავს, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

829. “შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა, “მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა; “ენა დაშვრების, გაცვდების, გულსა შეელმის ლმობილსა, “ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა.

830. “ჯერდ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია; “თუ არ კაცთაცა, სასჯელი ქვათაცა შენაძრწენია, “დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია, – “თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ-ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

831. “მას წამავალსა ვკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა: “მოვიდეს, რა ჰქნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა;” “მიბრძანა: “მოღამნახვიდეს მე მისთვის გაცუდებულსა, “ამათ არ დავყრი არეთა, არ გავტეხ მის ქადებულსა.

832. “მას ზენარსა არ გაუტეხ, მას ფიცსა არ ვერცუვები, “მას პაემნამდის მოვუცდი, რაზომცა გამდის რუები; “თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, სთქვას ვაგლახი და უები; “ცოცხალი დავხვდე, უკვირდეს, – სიცოცხლე არს სათუები.

833. “ჩემთვის გარდახდა მას აქეთ გაყრა მზისა და ქედისა, “ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა, “მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა სულ-თქმისა ზედა-ზედისა, “დავვიწყებივარ სიკვდილსა, ჰნახე ნაქმარი ბედისა.

834. “ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია: “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია;” “აწ ზაფრანაა, ვის წინა ვერ ვარდი გვანდეს, ვერ ია; “თუცა მოჰნახავ, მოჰნახე, ჰქმენ რაცა შენი ფერია”.

835. ყმამან უთხრა: “უმართლო ხარ, არ მამართლო მდურვად მისად, “მაგრა გაბრჭევ, რა მიქნია სამსახური ტყვესა ტყვისად: “გამოვჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად, “მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად.