ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

797. კვლავ მოახსენა ვეზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი; რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი: “შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი, “კვლა ამის მეტად ნუ მასმენ, თვარე მე სულად გელევი!”

798. რა გამოვიდა, ვეზირმან სძებნა, ვერ ჰპოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი; მან სთქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი; “ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს, რაცა ვთქვი, მასცა ვინანი.”

799. რა ვეზირი არ შევიდა, კვლავ მეფემან კაცი ჰგზავნის; კაცმან სცნის და გარეთ დადგის, წასვლა ვერვინ გაამჟღავნის; როსტენს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის, სთქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.

800. თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ჰქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი, “მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!” რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

801. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი დაღრეჯით, არ მხიარულად; მეფემან ჰკითხა: “წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად? მან მოახსენა ყველაი, ვით წასულ-იყო ფარულად: “მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად!”

802. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი, | რეტნი!“ – მოსთქვამს, იტყვის: “ვაჲ, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი – “სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?!

803. “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები, “მაგრა მე რა ვქნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! “გამაღარიბე, დამაგდე, გულსა გლახ, ვისთვის ენები, – “შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

804. “ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსულსა? “ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა, “ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მემახულსა, – “აწ უშენოდ რა გლახ ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა!

805. “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები, – “შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები; “ნუთუ კვლავ ღმერთმან წყალობით გაგვიადვილოს ჭირები, “მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”

806. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა, | ცისა!“ სთქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რადგან, მზე მიგიდრკა

807. რა მეფემან დიდებულნი ჰნახა, სულ-თქმით შემოსტირნა, უთხრა: “ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა, “რა ვაწყინეთ, რა შევცოდეთ, რად გაგვყარნა, რად გაგვწირნა? “სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინცაღა ვით დაგვიჭირნა!”

808. ყოვლნი სტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად; მეფემან ჰბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?” მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად, ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

809. მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი, “დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი, “იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს არცა ბერი, – “მე თუ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

810. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლავ იტირეს დიდი ხანი; მერმე ჰბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, “ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, “შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცეს ღმერთმან გზანი”.

წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვთ და ტარიელის შეყრა

811. მთვარე მზესა მოეშოროს, მოშორება განანათლებს, რა იახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს; – ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

812. აწღა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და მიტირს გულ-მდუღრად, ვერ იტყვის ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰხსნის, მიხდის ცნობასა.

813. რა მიიახლის დაბნედად, ვერ ხელ-ჰყვის გაძრვად ენისად, მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მზგავსად დილაჯის დენისად; ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად; რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

814. სთქვა: “ჩემო, შენი შორს-მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს, “რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, “თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს, – “სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!

815. “მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას მეჭვდე ლხენასა? “თავსა მოვიკლავ მე თუცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა, “მაგრა შენ გაწყენს ჩემისა არ სიცოცოხლისა სმენასა; “მოდი და მივსცნეთ ცოცხალთა თვალნი ცრემლისა დენასა!”.