ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

744. “დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ჰღვრიდა, ველთა რწყვიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

745. “მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა მან უჭირველად დაჴოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მჴარ-თეძო დაჰლეწა და ზოგსა სული ჰხდებოდა მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

746. “მან სპათაგან ვერ შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ჴრმალთა. ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

747. “ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა ვერ-დასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლისა მურობა.

748. “იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, – ხატაელი ვნახენ მისგან დაკოდილი ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიჴდილი, შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

749. “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ არ ახლებია, ვა მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

750. “ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და იმით არჩენს იგი, ერთგან ვერ დამდგომი, მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

751. “მე უცხოს მნატრა მანატრა მოსმენა სანატრელისა მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ჴელისა, ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

752. “მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცჴელითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ჴელითა მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

753. “დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა. დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა გამოვეპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.

754. “შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა.”–

755. აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა. – ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა, მუნ ვარდსა წყლითა ცჴელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა.

756. ფრიდონ მოსთქვამს: “რა შეგასხათ, ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო! ჴმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსხმელო, მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო, ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

757. “რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია შენ უჩემობა ლხინად გიჩნს, მე დია მიმჭირვებია, ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”

758. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა. – სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თუ-რე მღერითა. ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა ჰაერ-ფერითა, მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

759. ქალაქს შევიდეს, მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა! შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.

760. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი, იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი თვით ორნივე ერთგან დასხდეს, – ვინმცა ვით თქვა ქება მათი! ბროლ-ბადახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

761. მას დღე სვეს, ჭამეს, გარდაჴდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

*

762. ყმა ფრიდონს ეტყვის: “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები: მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები, მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები, გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, – დია დავეყენები.