ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

763. “მართალ არს შენი გამყრელი, - თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა, სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

764. ფრიდონს უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის, მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

765. “ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი. თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი, აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი. არ წაიტან, გაირჯები, ღაწვი-ვარდი ცრემლ-ნადენი”.

766. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა,– სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა, სამოცი ლიტრი წითელი აწონით, არ-ნაკლულითა, ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

767. ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა,– წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, მოსთქვამს: “თუცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა!”.

768. ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა, მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა.

769. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა-ძმანი, ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, – შემხედველთა მკვლელი ტანი.

*

770. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა, ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.

771. სადაცა ნახნის, – ეუბნის, – მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, ჰკითხის მის მზისა ამბავი. – დღენი ვლნა გაასებულნი. – ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი. მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს დაყმუნებულნი.

772. მუნ ქარავანი ურიცხვი იდგა მის ზღვისა კიდესა. შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, — ქებასა შეასხმიდესა, ჰკითხა თუ: “ვინ ხართ, ვაჭარნო?” – მათ საუბარი ჰკიდესა.

773. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოაჴსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს: “მზეო, სიცოცხლე და შენ ამოხველ ჩვენი მლხენი, ჩამოჴე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.

774. გარდაჰხდა. ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, – აროდეს გვისვამს მაჭარნი,– ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი, საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი.

775. “ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე ვჰკითხეთ თუ “ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე?” გვითხრა: “თუ შეხვალთ, დაგჴოცენ!– კიდე ცოცხალვარ მე ბარე?!”

776. “თქვა: “ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა, მუნ მეკობრეთა დაგვჴოცეს ძელის სახნისის წვერითა, ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!”

777. “ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა შევიდეთ, ვა თუ დაგვჴოცნენ, – ძალი არა გვაქვს ომისა, ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა”.

778. ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, დაცამწვთების, ვინცა გებრძვის, ჴრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების”.

779. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა. თქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე, – რიდითა აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა”. შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.

780. სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა, მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

781. კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, ანუ დავჴოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს ა.