ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

*

726. ყმა მტირალი სამ-ოც-დ-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა. შორით ნახა, – მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისა გნუკავ თქმასა, ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ჴმასა?”

727. მათ მოაჴსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა,– გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა: აქამდის ზღვარი თურქთაა, – მომზღვე ფრიდონ მზღვრებით ა. ჩვენცა მისნი ვართ, – გიამბოთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

728. მამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?”– მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს ზღვისა კიდე.

729. მოაჴსენეს: “ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მასხვილ-ჴრმალი. აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი. – ვა, რად დაგვწვენ, უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!”

730. იგი წავიდეს: დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა, ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩაჰრცხის ბროლსა და მინასა.

*

731. მულღაზარსა მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა. მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისვრიან და იზახიან, მჴეცთა სჭრიან ვითა მჭელსა.

732. კაცი ემთხვია მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა, უბრძანა: “ისი ვისია ჴმა ზათქისა და ზარისა?” მან უთხრა: “ფრიდონ ჴელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

733. მათ ლაშქართავე წავიდა მით უსახოთა ქცევითა, გამხიარულდა– შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა! მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა! ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა!

734. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა ყმამან ცხენი წეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა, შესტყორცნა და ჩამოაგდო, – დაეცა და სისხლი სდინდა, გარ დაჴდა და ფრთენი დასჭრა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.

735. იგი რა ნახეს, მესროლთნი სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს: “ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

736. მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა. ფრიდონს უკვირდა, – “რა ქმნესო!”, მისთა სპათათვის წყრებოდა.

737. ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი, რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?” მონა ფიცხლა მოყგება, ნახა სარო, მორჩი ტანი, დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

738. ავთანდილ ცნა, თუ, – ისია მოამბედ ჩემად რებული. უთხრა:"ჰრქვი შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული, ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.

739. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად, უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად!– “ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

740. ფიცხლად იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა. რა შეჰხედნა, მან ესე თქვა, – თუ არ მზეო, ისი ვინ ა?!” მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა.

741. ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა. დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მჴეცთა სრვასა ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი-აქათ იქმან ჯრასა, თქვეს: “ასეთი ხორიცელი შეუქმნია, რაგვარ, რასა!”

742. ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა, ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა, იგი ძმად მიხმობს, – ძმა ხარო, – თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

743. “მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, – სახელად მიხმობენ ავთანდილობით, ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.