ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

707. “აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი: მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი ბარ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი”.

708. მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს, არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს. – თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,– ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

709. “არ დაიჯერო, – მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომც გინდა ხელობა,– უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა-გრძელობა!”

710. საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს, – აატირეს გული, კვლაცა ანატირი, ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.

711. დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს. ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, მათ ლომთა, მიწყივ მჴეც-ქმნილთა, თავნი მჴეცთავე ალამნეს.

712. ქვაბი ჩავლნეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ ტირს, მოთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი, ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვა სიცოცხლისა თმენანი!”

713. მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს, ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ჴმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამეს, კვლა ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს-ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.

714. ტარიელს ეტყვის ავთანდილ: “რუ გაჴმა ცრემლთა დენისა! რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა, აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა.”

715. ტარიელ სიტყვით ასწავლის მჴარსა ფრიდონის გზისასა. მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: “აღმოსავლისკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა, თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა.”

716. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს თვალთა, ვითა წყაროს თვალი ცრემლი ველთა მოადინეს, დიდხანს იდგეს შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

717. გაიყარნეს ტირილით პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით. – იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით!–

VI. კარი მეექვსე. ავთანდილის წასლვა ძებნად ნესტანდარეჯანისა ავთანდილის მისლვა მულღაზარს ფრიდონისას. – ავთანდილის წასლვა მულღაზარით და მეკობრეთა დახოცა შველად ქარავანისა – ავთანდილის მისლვა გულანშაროს თავადად ვაჭართა ქარავანისა და მისგან გაცნობა ვაჭართა უხუცესის ცოლის ფატმანისა

718. ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი საით ძირსა?! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!

719. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: “აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

720. “მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემომყარე კაეშანი ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა, მას უთხარ, თუ: “ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა”.

721. “ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა!

722. “მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, რაგვარ გასრულვარ, – შენ იცი, გულია აღარ არს ლხენითა.

723. “მოდი, ასპიროზ, მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გახდი ცნობითა შმაგითა.

724. “ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა, მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა,წვრილსა ვითა ლერწამს.

725. “მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები, მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, – მისი ვარ და მისთვის ვკვდები.