ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

688. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე,– მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე!– სული სრულად არ ამომხდეს, – რად გიკვირს, რომ ცრემლსა ვჰღვრიდე?!–

689. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა სულთა დგმაცა არა მმართებს, – ასრე გასლვა რად გიკვირდა! სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა!”– ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულ-თქნა, აცატირდა.

690. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი, და! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

691. “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს, მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

692. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს. რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, აკოცეს და აცატირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

693. ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო, – ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

*

694. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავ-თავისად მათნი ჭირნი. რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ჴშირნი ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

695. ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა! რაცა შენ ჩემთვის გიქნია, – ღმერთი მზღველია ვალისა! კმა ზენაარი ზენარად, – არ ნაქმარია მთრვალისა,– არ დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

696. “აწ შემწყალე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა: მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა! ვერ დაშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა, წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით ა.

697. “ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ჴელი ველად რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთჴელ ვიყავ მეცა მქმნელად, აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.

698. ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა: შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა: ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!–

699. “ღმერთსამცა ესე რად ექმნა, – ეგეთნი დაებადენით, არღა შეგყარნა, გაგყარნა, ჴელი გქმნა ცრემლთა დადენით?!– სდევს ფათერაკი მიჯნურსა, – გაჭვრიტეთ, გაიცადენით!– თქვენ ერთმანერთი არ მიჰხვდეთ, მე სულნი ამომჴადენით!–

700. “ნეტარ, მამაცი სხვა რაა, – არ გასძლოს, რაცა ჭირია! ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,– რაცა მიწვრთიხარ, იწვართე გკადრო, – უწვრთელი ვირია.

701. “თუ რა გესმის, გაიგონე, – ესე კმარის სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად, მოვახსენე: “რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,– ვერას ირგებ, – არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?”

702. “მან მიბრძანა: “მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად! შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად”– მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად, არ მახმურად, აწ შევიქცე, რა უამბო? - “რად, მოველო ჯაბან-ხრდლურად?”

703. “მაგ საუბარსა ესე სჯობს, – ისმინე ჩემი თხრობილი: მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი. შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, – ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

704. “სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,– გწადდეს– გულითა ბრძენითა, – გწადდეს ცნობითა შმაგითა– მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,– ოდენ გამაგრდი,არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

705. “ამის მეტსა არას გნუკავ, – წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქა ქვაბსავ მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, – დროსა ამას ვარდ-იეფსა, ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.

706. “ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსა არ მოვიდე, ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვდე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე, მაშინ გწადდეს, –იქარვებდი, გწადდეს, – ჭმუნვა გაადიდე.