ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

951. ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა. დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მჴეცთა სრვასა; ავთანდილის ჭურეტად სპანი იქი აქათ იქმან ჯრასა, თქუეს: “ასეთი ჴორიცელი შეუქნია, ნეტარ, რასა!”

952. ყმა ფრიდონს ეტყუის: “ისწრაფი, ვიცი, ამბისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ლამი ცნობასა, ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყუი ძმობასა, იგი ძმად მიჴმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირსვარ ყმობასა.

953. მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიჴმობენ ავთანდილობით, ძე დიდებულთა დიდ გუართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

954. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ღურიდა, ველთა რწყვიდა, გაგვიკუირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩუენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი როგორ სწუიდა.

955. მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა; მან უჭირველად დაჴოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მჴარ თეძო დალეწა და ზოგსა სული ჴდებოდა; მუნღა სცნეს, ეტლი მთუარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

956. მან სპათაგან ვერ შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თუით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაკრთა მათთა ჴრმალთა. ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თუალთა.

957. ვძებნეთ და კუალი ვერ ვპოვეთ, დავწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბვისა ვერ დასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწუიდა ცეცხლი და მურობა.

958. იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვპოვე ვარდი მოყუითანე, შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი, შემიტკბო და შემიყუარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

959. ქუაბნი წაუხმან დევთათუის, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხუა არვინ უახლებია; მას მუდამ ძუელი ცეცხლი სწუავს, არ ახალ, არ ახლებია, ვაი მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია.

960. ქალი მარტო ქუაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკუსა ვითა ლომი, მიუტანს და იმით არჩენს იგი, ერთგან ვერ დამდგომი, მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

961. მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა; მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყუის აწ ენა ესე ხელისა, კლავს სურვილი და ვერ ჭურეტა მისისა დამმარხველისა.

962. ვითა მთუარე, დაუდგრომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდაჴდების; არას ნახავს პირ მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა კრთების. ვაი მე, მისსა მგონებელსა, ვაი მას, ვინცა მისთუის კუდების.

963. მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცეხლითა მისითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავჴე ცნობითა ვისითა; მამინდა მისთა წამალთა ძებნა ზღუითა და ქუიშითა; შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა მქისითა.

964. დავეთხოვე და გამიწყრეს, მეფე მიეცა ჭმუნვასა. დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა; გამოვეპარე, დავეჴსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით აქათ ბრუნვასა.

965. შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა; გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, მისთა მჭურეტელთა ლხინისა, ვერ მჭურეტთა ამაზრზენისა.

966. აწ ფრიდონ იწუის სიტყუითა მის ყმისა ნაუბარითა; ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულ ამოსკუნილნი გულითა ტირან ვერ დამთმობარითა, მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა

967. ლაშქართა შიგან შეიქნა ჴმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა. ფრიდონ ტირს, მოთქუამს ჴმა მაღლად, გაყრილი წლისა შუიდისა: უხანობა და სიცრუვე, ვაი, საწუთროსა ფლიდისა!”

968. ფრიდონ მოსთქუამს: “რა შეგასხათ, ვერ საქებო, ვერ სათქმელო! ჴმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამჴუმელო, მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგუმელო, ცისა ეტლთა სინათლეო, დამწუელო და დამანთქმელო!

969. რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მამძულვებია; თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთუის მამსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გჩანს, მე დია მიმჭირვებია, ოჴერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”

970. ფრიდონ თქუა ესე სიტყუანი მოთქმითა შუენიერითა; გული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭურეტთა აშუენებს ტურფითა აერ ფერითა, მელნისა ტბათა მიჯარვით ბურავს გიშრისა ჭერითა.