... (S-1727), 1837 წ.

912. ამოა რომე კაცი კაცს: ამოსა ეუბნებოდეს჻ მან გაუგონოს რაცა თქუას: არ ცუდად წაუჴდებოდეს჻ ცოტად ეგრეცა დაგვავსებს: ცეცხლი რაზომცა ზდებოდეს჻ დიდი ლხინია ჭირთა თქმა: თუ კაცსა მოუხდებოდეს჻

913. მას ღამესა ერთგან იყვნეს: იგი ლომნი იგი გმირნი჻ იუბნეს და გააცხადეს: თავისთავის მათნი ჭირნი჻ რა გათენდა კვლავ დაიწყეს: საუბარნი სიტყვა ხშირნი჻ ერთმანეთსა გაუგონეს: ფიცი პირველ დანაპირნი჻

914. ტარიელ ეტყვის რად უნდა: სიტყვისა თქმა მრავალისა჻ რაცა შენ ჩემთვის გიქნია: ღ~თია მზღველი ვალისა჻ კმარა ზენაარი ზენარად: არ ნაქმარია მთვრალისა჻ არ დავიწყება მოყვრობა: მოყვრისა წამავალისა჻

915. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ: კვლავ წვითა უცხელესითა჻ მე რომე ცეცხლი მედების: არ ნაგზებია კვესითა჻ ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი: სოფლისა ქნისა წესითა჻ წადი დაბრუნდი შეიქეც: მუნითვე შენი მზე სითა჻

916. ვინ დამბადა განკურნება: ჩემი უჩანს მასცა ძნელად჻ ვისცა გესმის გაიგონეთ: მით გაჭრილვარ ჴელი ველად჻ რაცა მართებს გონიერთა: ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად჻ აწ ნობათი ჴელობისა: მომხვდომია მით ვარ ჴელად჻

917. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა: პასუხი მაგა თქმულისა჻ შენვე სთქვი ეგე სიტყვაო: კაცისა ბრძნად სწავლულისა჻ ღ~თსამცა ვით არ შეეძლო: კვლავ განკურნება წყლულისა჻ იგია მზრდელი ყოვლისა: დანერგულ დათესულისა჻

918. ღ~თსამცა ესე რად ექმნა: ეგეთნი დაებადენით჻ აღარ შეგყარნა გაგყარნა: გული ქმნა ცრემლთა დადენით჻ სდევს ფათერაკი მიჯნურსა: გასჭვრიტეთ გაიცადენით჻ თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს: მე სულნი ამომხადენით჻

919. ნეტარ მამაცი სხვა რაა: არ გასძლოს რაცა ჭირია჻ ჭირსა გადრეკა რად უნდა: რა სასაუბრო პირია჻ ნუ გეშის ღ~თი უხვია: თუცა სოფელი ძვირია჻ რაცა მიწვრთიხარ იწვართე: გკადრო უწვრთელი ვირია჻

920. თუ არ გესმის გაიგონე: ესე კმაა სწავლა სწავლად჻ ჩემსა მზესა დავეთხოვე: თქვენს წინაშე წამოსავლად჻ მოვახსენე რადგან ჩემი: შეუქმნია გული ავლად჻ არას ვარგებ არ დავდგები: სხვა ვიუბნა რაღა მრავლად჻

921. მან მიბრძანა მადრიელ ვარ: კარგად ხარ და მამაცურად჻ შენგან მისსა გავლენასა: მე დავიჩენ სამსახურად჻ მისის კითხვით წამოსრულვარ: არ მთვრალ ვარ და დამახმურად჻ აწ შევიქცე რა უამბო: რად მოხველო ჯაბან ხდლურად჻

922. მაგ საუბარსა ესე სჯობს: ისმინე ჩემი თხრობილი჻ მქნელი საქმისა ძნელისა: კაციმცა იყოს ცნობილი჻ ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა: ვარდი უმზეოდ ჭკნობილი჻ შენ ვერას არგებ მე მარგებ: ძმა ძმისა უნდა ძმობილი჻

923. სადაცა გწადდეს მუნ იყავ: მითვე წესითა მაგითა჻ გწადდეს გულითა ბრძენითა: გწადდეს ცნობითა შმაგითა჻ მაგა ქცევითა ტურფითა: ანაგებითა ნაგითა჻ ოდენ გამაგრდი არ მოჰკვდე: არ დასდნე ცეცხლთა დაგითა჻

924. ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მგზეფსა჻ აქავ ქვაბსა მამნახვიდი: მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა჻ ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ: დროსა ამას ვარდ იეფსა჻ ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს: მართ ვითამცა ძაღლი ჰეფსა჻

925. ამა დროსა გარდავსცილდე: აქა ქვაბსა არ მოვიდე჻ სცან ცოცხალი არ თურე ვარ: უღონიოდ მოვკვე კიდე჻ ეს ამისად ნიშნად კმარის: შენ თუ ჩემთჳს ცრემლსა ღვრიდე჻ მაშინ გწადდეს იხარებდი: გწადდეს ჭმუნვა გაადიდე჻

926. აწ რაცა გკადრე ამისთვის: ნუთუ შენ იყო მჭმუნავი჻ მოგშორდები და არ ვიცი: თუ ცხენი დამცემს თუ ნავი჻ არ უთქმელობა არ ვარგა: არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი჻ არ ვიცი ღ~თი რას მიზამს: ანუ ცა მიწყივ მბუნავი჻

927. მან უბრძანა აღარ გაწყენ: არცა სიტყვა გამიმეტდეს჻ არ მამისმენ რაზომიცა: საუბარი მიდიადდეს჻ თუ არ მოგყვეს საყვარელი: შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს჻ ბოლოდ ყოვლი დამალული: საქმე ცხადად გამოცხადდეს჻

928. რა დაიჯერო მაშინ სცნა: ჩემთა საქმეთა ძნელობა჻ ჩემთვის ყველაი სწორია: გაჭრა და გაუჭრელობა჻ შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ: მრჯის რაზომ გინდა ჴელობა჻ უშენოდ მამხვდეს რაღა ვჰქნა: არ დია დღეთა გრძელობა჻

929. საუბარი გარდასწყვიტეს: დააპირეს ესე პირი჻ ცხენსა შესხდეს მოიარეს: თვითო მოკლეს ველს ნადირი჻ შემოიქცეს აატირეს: გული კვლაცა ანატირი჻ ხვალ გაყრისა გონებამან: სხვა უმატა ჭირსა ჭირი჻

930. ლექსთა მკითხველნო თქვენიმცა: თვალი ცრემლისა მღვრელია჻ გულმან რა გლახ ქნას უგულოდ: თუ გული გულსა ელია჻ ვაჲ მოშორვება მოყვრისა: გაყრა კაცისა მკვლელია჻ ვინცა არ იცის არ ესმის: ესე დღე როგორ ძნელია჻

931. დილა გათენდა შესხდეს და: მას ქალსა გაესალამნეს჻ ტარიელ ასმათ ავთანდილ: თვალთაგან ცრემლნი ალამნეს჻ სამთავე ღაწვთა ალამნი: არღავნის ფერად ალამნეს჻ მათ ლომთა მიწყივ მხეც ქმნილთა: თავნი მხეცთანა ალამნეს჻