... (S-1727), 1837 წ.

ამას მესისხლეთა ეტლად იტყჳან჻

948. მოდი მარიხო უწყალოდ: დამჭარ ლახურითა შენითა჻ შეცამღებე და შემსვარე: წითლად სისხლისა დენითა჻ მას უთხარ ჩემნი პატიჟი: მას გა[ა]გონენ ენითა჻ როგორ გასრულვარ შენ იცი: გულია აღარს ლხენითა჻

ამას მკურნალთა ეტლად იტყჳან჻

949. მოდი ეასპიროზ მაგრე რა: მან დამწვა ცეცხლთა დაგითა჻ ვინ მარგალიტსა გარეშე: მოსცავს ძოწისა ბაგითა჻ შენ დააშვენებ კეკლუცთა: დაშვენებითა მაგითა჻ ვისმე ჩემებრსა დააგდებს: გაჰხდი ცნობითა შმაგითა჻

ამას მწიგნობართა ეტლად იტყჳან჻

950. ოტარიდო შენგან კიდე: არვის მიგავს საქმე სხვასა჻ მზე მაბრუნებს არ გამიშვებს: შემიყრის და მიმცემს წვასა჻ დაჯე წერად ჭირთა ჩემთა: მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა჻ კალმად გიკვეთ გაწლობილსა: ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა჻

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყჳან჻

951. მოი მთვარეო შემიბრალე: ვილევი და შენებრ ვჭკნები჻ მზე გამავსებს მზევე გამლევს: ზოგჯერ ვჭლდები ზოგჯერ ვმჭლდები჻ მას უამბე სჯანი ჩემნი: რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები჻ მიდი უთხარ ნუ გამწირავ: მისი ვარ და მისთვის ვბნდები჻

952. აჰა მმოწმობენ ვარსკვლავნი: შვიდნივე მემოწმებიან჻ მზე ოტარიდი მუშთარი: და ზუჰულ ჩემთვის ბნდებიან჻ მთვარე ასპიროზ მარიხი: მოვლენ და მოწმად მყვებიან჻ მას გააგონენ რანიცა: ცეცხლი უშენოდ მდებიან჻

953. აწ გულსა ეტყვის ვითამცა: გდის ცრემლი არ გაგხმობია჻ რას გარგებს მოკლვა თავისა: ეშმა ძმად თურე გძმობია჻ მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა: თმად ყორნის ბოლო სთმობია჻ მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ: ლხინი რა დასათმობია჻

954. თუ დავრჩეო ესე მიჯობს: სიცოცხლისა იტყვის თუსა჻ ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა: ნუ ვიძახი მიწყივ უსა჻ მიიმღერის ხმასა ტკბილსა: არ გასწყვეტდის ცრემლთა რუსა჻ მისსა ხმასა თანა ხმაცა: ბულბულისა ჰგვანდის ბუსა჻

955. რა ესმოდის მღერა ყმისა: სმენად მჴეცნი მოვიდიან჻ მისვე ხმისა სიტკბოსაგან: წყლით ქვანიცა გამოსხდიან჻ ისმენდიან გაკვირდიან: რა ატირდის ატირდიან჻ იმღერს ჴმითა საბრალოთა: ღვარისაებრ ცრემლნი სდიან჻

956. მოვიდიან შესამკობლად: ქვეყნით ყოვლნი სულიერნი჻ ტყით ნადირნი წყალში თევზნი: ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი჻ ინდოთ არაბთ საბერძნეთით: მაშრიყით და მაღრიბელნი჻ რუსნი სპარსნი მოფრანგენი: და მისრეთით მეგვიპტელნი჻

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა჻

957. ყმა მტირალი სამოცდათ დღე: ზღვისა პირსა მივა გზასა჻ შორით ნახა მენავენი: მოდიოდეს შიგან ზღვასა჻ მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ: თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა჻ ეს სამეფო ვისი არის: ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა჻

958. მათ მოახსენეს ტურფაო: სახით და ანაგებითა჻ გვეუცხოვე და გვეკეთე: მით გეუბნებით ქებითა჻ აქამდის მზღვარი თურქთაა: მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა჻ ჩვენცა ვისი ვართ გიანბობთ: თუ ჭვრეტით არ დავდნებითა჻

959. ნურადინ ფრიდონ მეფეა: ამა ქვეყნისა ჩვენისა჻ მოყმე მჴნე უხვი ძლიერი: ფიცხლად მომხლტომი ცხენისა჻ ვნება არავის არ ძალუც: მის მზისა ოდნად მშვენისა჻ იგია ჩვენი პატრონი: მსგავსი ცით შუქთა ფენისა჻

960. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო: კარგთა კაცთა გარდგეკიდე჻ მე მეფესა თქვენსა ვეძებ: მასწავლეთ თუ სით წავიდე჻ რა ვიარო ოდეს მიხვალ: ან გზასა აქვს რა სიდიდე჻ მენავეთა უწინამძღურეს: არ დააგდეს ზღვისა კიდე჻

961. მოახსენეს ესე გზაა: მულღაზანზარს მიმავალი჻ მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი: მშვილდ ფიცხელი მახვილ ჴრმალი჻ აქა დაღმე ათ დღე მიხვალ: ნაკვთად სარო ფერად ლალი჻ ვაჲ რად დაგვწვენ უცხოს უცხო: რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი჻

962. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო: რად ხართ ჩემთჳს გულ მოკლულნი჻ ანუ ეგრე ვით გეკეთნეს: ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი჻ თქვენმცა მაშინ გენახენით: ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი჻ ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენით: ჩვენგან სხდიან მხიარულნი჻