... (S-1727), 1837 წ.

854. მივიდოდა მიუბნობდა: ყმა მტირალი ფერ შეცვლილი჻ ქედსა რასმე გარდაადგა: ველი აჩნდა მზიან ჩრდილი჻ ნახა შავი შამბთა პირსა: დგა სადავე უკუყრილი჻ თქუა უცილოდ იგიაო: არა უნდა ამას ცილი჻

855. რა შეხედნა ყმასა გულმან: გაუფეთქნა გაუნათდა჻ აქა ლხინი დაღრეჯილსა: უათასდა არ უათდა჻ ვარდმან ფერი გაანათლა: ბროლი ბროლდა სათი სათდა჻ ვით გრიგალმან ჩაირბინა: არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა჻

856. რა ტარიელ დაინახა: გაღანამცა დაეღრიჯა჻ ახლოს მყოფი სიკვდილისაღა ჯდა და პირი დაებღნიჯა჻ საყელონი გარდეხივნეს: თავი სრულად გაეგლიჯა჻ მას აღარა შეესმოდა: სოფლით გაღმა გაებიჯა჻

857. ერთკენ უც ლომი მოკლული: და ჴრმალი სისხლ მოცხებული჻ კვლავ სხვაგან ვეფხი უსულო: მკუდარი ქვე დანარცხებული჻ მას წყაროსაებრ თვალთაგან: ცრემლი სდის გაფიცხებული჻ მუნ აგრე გულსა უნთებდა: ცეცხლი მცხინვარე ცხებული჻

858. თვალთა ახმადცა ზარ ედვა: სრულად მიხდოდა ცნობასა჻ მიახლებოდა სიკვდილსა: მოშორვებოდა ნობასა჻ ყმა სახელდებით უყივის: ლამის სიტყვითა კრთობასა჻ ვეღარ ასმინა გარდიჭრა: ძმა გამოაჩენს ძმობასა჻

859. ჴელითა ცრემლსა უწურავს: თვალთა ავლებდა საჴელსა჻ ახლოს უზის და უყივის: მართ სახელდობით სახელსა჻ ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს: შენთჳს გაჭრილსა და ჴელსა჻ მას არა დია შეესმის: რეტსა თვალ დაუფახველსა჻

860. ესე ყველაი ასრეა: რაცა აწ ჩემგან თხრობილა჻ ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან: ცოტადრე მოაცნობილა჻ მაშინღა იცნა აკოცა: მოეჭდო მოეძმობილა჻ ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა: მათებრივ არვინ შობილა჻

861. უთხრა ძმაო არ გიტყუე: გიყავ რაცა შემოგფიცე჻ გნახე სულთა გაუყრელმან: ფიცი ასრე დავამტკიცე჻ აწ დამეხსენ სიკვდილამდის: ვიტირო და თავსა ვიცე჻ მაგრა გვედრებ დამარხვასა: მჴეცთ საჭმლად არ მიმცე჻

862. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ: შენ საქმესა რად იქ ავსა჻ ვინ მიჯნური არ ყოფილა: ვის საჴმილი არა სწვავსა჻ ვის უქნია შენი მსგავსი: სხვათა კაცთა ნათესავსა჻ რად სატანას წაუღიხარ: რად მოიკლავ ნებით თავსა჻

863. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი: აპირებენ ამა პირსა჻ ხამს მამაცი მამაცური: სჯობს რაზომცა ნელად ტირსა჻ ჭირსა შიგან გამაგრება: ისე უნდა ვით ქვიტკირსა჻ თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა჻

864. ბრძენი ხარ და გამორჩევა: არა იცი ბრძენთა თქმულებ჻ მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ: რას წადილსა აისრულებ჻ ვისთჳს კვდები ვერ მიხვდები თუ სოფელსა მოიძულებ჻ თავსა მრთელსა რად შეიკრავ: წყლულსა ახლად რად აწყლულებ჻

865. ვინ არ ყოფილა მიჯნური: ვის არ სახმილნი სდებიან჻ ვის არ უნახვან პატიჟნი: ვისთჳს ვინ არა ბნდებიან჻ მითხარ უსახო რა ქნილა: სულნი რად ამოხდებიან჻ არ იცი ვარდნი უეკლოდ: არავის მოუკრებიან჻

866. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა: რამან შეგქმნა ტანად პირად჻ მიკვირს რად ხარ ეკლიოვანი: პოვნა შენი რად არს ჭირად჻ მან თქვა ტკბილსა მწარე ჰპოვებს: სჯობს იქნების რაცა ძვირად჻ ოდეს ტურფა გაიეფდეს: არღარა ღირს არცა ჩირად჻

867. რადგან ვარდი ამას იტყვის: უსულო და უასაკო჻ მაშა ლხინსა ვინ მოიმკის: პირველ ჭირთა უმუშაკო჻ უბოროტო ვისა სმია: რაცა კარგი საეშმაკო჻ რად ემდურვი საწუთროსა: რა უქნია უარაკო჻

868. ისმინე ჩემი თხრობილი: შეჯე წავიდეთ ნებასა჻ ნუ მიჰყოლიხარ თავისა: თათბირსა გაგონებასა჻ რაცა არ გწადდეს იგი ქენ: ნუ ზდევ წადილთა ნებასა჻ ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი: რად მეჭვ რასაც თნებასა჻

869. მან უთხრა ძმაო რა გითხრა: ძვრადცა არ ძალმიც ენისა჻ ძალი არა მაქვს ჴელქმნილსა: შენთა სიტყვათა სმენისა჻ რად ადვილად გიჩანს მოთმენა: ჩემთა სასჯელთა თმენისა჻ აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა: დრო მომეახლა ლხენისა჻

870. ამას მოკვდავი ვილოცავ: აროდეს ვითხოვ არ ენით჻ აქა გაყრილნი მიჯნურნი: მუნამცა შევიყარენით჻ მუნ ერთმანერთი კვლავ ვნახეთ კვლავ რამე გავიხარენით჻ მოი მოყვრეთა დამმარხეთ: მიწანი მომაყარენით჻

871. საყვარელმან საყვარელი: ვით გაწიროს ვით არ ნახოს჻ მისკენ მივალ მხიარული: მერმე იგი ჩემ კერძ იროს჻ მივეგებვი მამეგებოს: ამიტირდეს ამატიროს჻ ჰკითხე ასთა ჰქენ გულისა: რა გინდ რა ვინ გივაზიროს჻

872. მართ გარდაწყვეტით იცოდი: გეტყვი მართალსა პირასა჻ სიკვდილი მახლავს დამეხსენ: ხანსაღა დავყოფ მცირასა჻ არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ: რა დავრჩე ჴელსა მხდი რასა჻ დამშლიან ჩემი კავშირნი: შევრთვიან სულთა სირასა჻

873. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის: არცა მცალს სმენად მაგისად჻ სიკვდილი მახლავს ჴელქნილსა: სიცოცხლე არის წამისად჻ აწ გამიარმდა სიცოცხლე: მეტად ყოვლისა ჟამისად჻ მუნ მეცა მივალ ცრემლისა: მიწად სად გამდის ღამი სად჻