ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

669. “საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს! მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ კერძ იროს, მივეგებვი, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს, ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს!

670. “მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა: სიკვდილი მახლავს, დამეჴსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა:– არ ცოცხალ ვიყო, რას მაქნევ, რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?– დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა...

671. კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა, ეტყვის: “ თუ მოჰკვდე, გერგების სიკვდილით რა, – ოჴერითა? ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა! ვერ წაიყვანა, ვერა ჰქმნა, – სიტყვითა ვერა-ვერითა.

672. მერმე უთხრა: “აჰა, რათგან არ მომისმენ არას არა, აღარ გაწყენს – ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, დაცამჭნარა! ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ”, – ცრემლი ამდუღარა.

673. “სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა, შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?

674. “ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი, ერთჴელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მჴდელი, ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი”.

675. ეხვეწებოდა, – შეჯეო, აჯას ხვეწნითა არვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა,– ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა, ეამა, – არ ივაგლახა, არ ვებდა.

676. ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა”. მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა მინდორთავე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა, ხანი წარვლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

*

677. რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან,– განანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსაჴმან,– ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრა-ახმან ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრაჴმან.

678. შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ მალული: “ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული: ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყვარს? რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული”.

679. მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა! ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა, მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა,– არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

680. ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა: სჯობს ასმათისა არ-ლევა მაგა სამხრისა ლევასა, ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

681. “სამხრე გაბია ოქროსა, ოქრო-მჭედლისა დნობილი, უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი,– აღარად გინდა ასმათი, – ნახე მათალი ბრჭობილი!– პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი.

682. მან უბრძანა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად, მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად. –

683. “რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

684. “იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს! მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

685. “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს გამოჰრიდა ვეფხმან გული, – დედათამცა გამოჰრიდნეს!– ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს!

686. “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა!” ჴრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მოცავკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა.

687. “ჴრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ჴელითა მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცჴელითა მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა. –