... (W-17), XVII ს.

818. რაცა თქუენთვინ არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად მიეც ზოგი ამხანაგთა ზოგი ჴიდთა ასაგებლად ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად თქუენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად

819. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის ამად გვედრებ სულსა ჩემსა წიგნი გკადრებსარ გეთნევის არას არგებს ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის შემინდევ და შემივედრე მკუდარსა რაღა გარდმეჴდევის

820. გვედრებ მეფეო შერმადინს მონასა ჩემსა რჩეულსა ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა ნუგეშინისეც წყალობით ჩემგან წყალობა ჩუეულსა ნუ დაადინებ თუალთაგან ცრემლთა სისხლითა ფრქვეულსა

821. გათავდა ჩემი ანდერძი ჩემგან ნაწერი ჴელითა ვაიმე გამზრდელო მოგშორდი წაველ გულითა ჴელითა ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი ნუ ხართ მოსილნი ბნელითა სუფევით ხარმცა თავითა მტერთაგან საკრძალველითა

822. მისცა ანდერძი შერმადინს რა გაათავა წერითა უთხრა ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა მოეხვივნეს და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა

823. ყმა შეეკაზმა წასავლად ცრემლითა მოერწყო ველი მზე წავიდოდა დაეცა არაბეთს ბინდი ყოველი ჴამს შეპოვება მაღლისა თვით ვიცი ჭირსა მოველი მისგითას მივა ღ~თისაგან გამარჯუებისა მთხოველი

ავთანდილისაგან მიზგითად სალოცავად მისულა

824. ილოცავს იტყვის მაღალო ღმერთო ჴელთა და ცათაო ზოგჯერ მომცემო პატიჟთა ზოგჯერ კეთილთა მზათაო უცნაურო და უთქმელო უფალო უფლებათაო მომეც დათმობა სურვილთა მფლობელო გულისთქმათაო

825. ღმერთო ღმერთო შენ უფალო გეაჯები არსთა მხედსა შენ დაბადენ მიჯნურობა შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მამაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა ნუ ამიფხური სიყუარულსა მისგან ჩემთვის დანათესსა

826. ღმერთო დიდად მოწყალეო არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე შენდა მსხვერპლსა შევსწირდე

827. რა ილოცა ცხენსა შეჯდა მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნვა საბრალომან ცრემლი ღვარნა მონა ტირს და მკერდსა იცემს სისხლმან მისმან კლდენი ღარნა პატრონისა ვერა მჭურეტმან ყმამან რამცა გაიხარნა

828. მოსთქუამს და იტყუის ვაი მზეო შენი ადგილი ჩრდილდები მე მანდით მესურის ისარი ერთიცა არ ამცილდების შენ მოგეშორე დაღამდა ჩემთვის აღარა დილდების გამყარა ლხინა სოფელმან აწ თვალთა ცრემლი მილდების

829. აწ ამბავი სხუა დავიწყო ყმასა წავჰყუე წამავალსა არ შეექნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა რა გათენდა ქუში ადგა ჰგავს თუ ადენს პირით ალსა ჴმობა ბრძანა ვეზირისა მიიყუანდეს შიშით მკრძალსა

830. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა აღარ მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული მაწყინე და გამარისხე ვერ დავიღე ოდენ სული ეგზომ რომე გაგათრივე შენ ვეზირი გულის გული

831. თუ ვით მახსოვს რად უნდოდა ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქუამს მოაბადთა წყენააო ჭირთა ბადე ნუოდეს იქ ამას იქით საქმე ხოლემ გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქუი და სიტყუა გააკვლადე

832. კულავ მოახსენა ვეზირმან სიტყუა ნაგუშინდელევი რა მოისმინა შესთუალა პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მე ლევი კულავ ამის მეტად ნუ მასმენ თვარა მე სრულად გელევი

833. რა გამოვიდა ვეზირმან ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი მან თქუა მე დარბაზს ვერ შევალ მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს რაცა ვთქუი მასცა ვინანი

834. რა ვეზირი არ შევიდა კულავ მეფემან კაცი გზავნის ვინცა სცნობდის გარეთ დადგის წასლვა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭუი შეუვიდა ჭმუნვა ამით გაათავნის თქუა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

835. თავდადრეკით იგონებდა გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი იოხრნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიანბოს შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვეზირი შემობრუნდა ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი