... (W-17), XVII ს.

875. დაო მეტსა საუბარსა აღარ მამცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა ბრძენთა სიტყვა დავაღადრო წავალ ვსძებნი ანუ ვჰპოვებ ან სიკვდილი მოვიადრო ბედი მიზამს ეზომ თურე მიკვეთს ღმერთსა რაღა ვჰკადრო

876. ამის მეტი აღარა თქვა ატირდა და წამოვიდა ქუაბი ჩავლო წყალსა გავიდა შამბი ჩავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა ბედსა ამას უზრახვიდა

877. იტყუის ღ~თო რა შეგცოდე შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე საყუარელსა რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა მოვჰკუდე თავი არ მეწყალვის სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა

878. მოყუარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა იგი ფიცი ჩემგან სრული მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროო ჩემი ლხინი გარდასრულა სხვა მოყუარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა გაბასრულა

879. კულავ იტყუის მიკუირს ნაღველი კაცისა მე ჭკუიანისა ცუდ მჭმუნვარებას რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამტანისა

880. ყმა გაემართა საძებრად მტირალი ცრემლთა მფქუეველი ეძებს უზახის უყივის დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდი მოვლო მრავალი ჴევი შამბნარი ტყე ველი ვერ ჰპოვა მივა მჭუნვარე ვერას ამბისა მცნეველი

881. იტყუის ღმერთო რა შეგცოდე ეგზომ დიდი რა გაწყინე რად შემასწარ ამა ბედსა რა სასჯელი მომივლინე გამკითხველო გამიკითხე აჯა ჩემი შეისმინე დაამოკლე დღენი ჩემნი ჭირნი ჩემი გამილხინე

ავთანდილისაგან დაბნედილი ტარიელის პოვნა

882. მივიდოდა მიუბნობდა ყმა მტირალი ფერშეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა ველი აჩნდა მზიანჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი თქუა უცილოდ იგიაო არა უნდა ამას ცილი

883. რა შეხედნა ყმასა გულმან გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი გაანათლა ბროლი ბროლდა სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა არ მოსცალდა ჭურეტად მათდა

884. მან ტარიელ დაინახა გაღანამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკუდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა საყელონი გარდეხივნეს თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შეესმოდა სოფლით გაღმა გაებიჯა

885. ერთკენ უც ლომი მოკლული და ჴრმალი სისხლმოცხებული [.....]თკენ ვეფხი უსულო მკუდარი ქვედანარცხებული [........... ]თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული [...........]უნთებდა ცეცხლი მცხინვარე ცხებული

886. თუალთა ახმადცა ზარედვა სრულად მიჰჴდოდა ცნობასა მიახლებოდა სიკვდილსა მოშორვებოდა ნობასა ყმა სახელდობით უზახდა ლამის სიტყუითა კრთობასა ვეღარ ასმინა გარდიჭრა ძმა გამოაჩენს ძმობასა

887. ჴელითა ცრემლსა უწურავს თვალთა ავლებდა სახელსა ახლოს უზის და უზახის მართ სახელდობით სახელსა ეტყუის ვერ მიცნობ ავთანდილს შენთვის გაჭრილსა და ხელსა მას არა დია შეესმის რეტსა თვალდაუფახველსა

888. ესე ყუელაი ასრეა რაცა აწ ჩემგან თხრობილა ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან ცოტადრე მოაცნობილა მაშინღა იცნა აკოცა მოეჭდო მოეძმობილა ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა მათებრივ არა შობილა

889. უთხრა ძმაო არ გიტყუვე გიყავ რაცა შემოგფიცე გნახე სულთა გაუყრელმან ფიცი ასრე დავამტკიცე აწ დამეხსენ სიკუდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე მაგრამ გვედრებ დამარხვასა მჴეცთა საჭმლად არა მიმცე

890. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ შენ საქმესა რად იქ ავსა ვინ მიჯნური არ ყოფილა ვის საჴმილი არა სწვავსა ვის უქნია შენი მსგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა რად სატანას წაუღიხარ რად მოიკლავ ნებით თავსა

891. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა მამაცი და მამაცური სჯობს რაზომცა ნელად ტირსა ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვითკირსა თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა

892. ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ მინდორს სტირ და მჴეცთა ახლავ არას წადილსა ისრულებ ვისთვის ჰკვდები ვერ მიხუდები თუ სოფელსა მოიძულებ თავსა მრთელსა რად შეიკრავ წყლულსა ახლად რად იწყლულებ

893. ვინ არ ყოფილა მიჯნური ვის არ საჴმილნი სდებიან ვის არ უნახვან პატიჟნი ვისთვის ვინ არა ბნდებიან მითხარ უსახო რა ქმნილა სულნი რად ამოგჴდებიან არ იცი ვარდი საკრეფლად უეკლოდ არ მოჰხდებიან