... (W-17), XVII ს.

721. ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო დამრგო მახია დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა დამხია მახია აწ გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმითა და ამახია ახლა ვსცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია

722. ამას მოსთქვამს ცრემლსა აბნევს ათრთოლებს და აწანწარებს გულამოსკვნით ოხვრა სულთქმით მიხრის ტანსა მიაწარებს საყუარლისა მოშორვება სიახლესა გაამწარებს ვაი სოფელი ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს

ავთანდილისაგან ტირილით საწოლს მისულა

723. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრამ ახლავს საყუარელსა გონებითა არ მოსწყდების ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების ხედავ ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების

724. საწოლს მყოფმან პირსა ცემით ბროლი ბღუჯოს ვარდი კონოს გულსა იდებს იტყუის კაცმან ჭირი ლხინსა შეაწონოს ლხინმან სძლიოს და დათმობა სჯობს ჭირი გასძლოს ჟამთა მონოს ვით ქონება არ იმადლოს მას სხვა ღ~თნ რა აქონოს

725. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი გული ჟამჟამად ყოველთა ჭირთ მომთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა თვით ვერას ვერ გამზომელი ვერცა ჰპატრონობს სიკუდილი ვერცა პატრონი რომელი

726. რა გათენდა კაცი მოვა მომკითხავი დარბაზს მჴმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილნაკრთობი ერთმანერთსა ეჯავრიან დგას მჭურეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა მოემზადა დაბდაბნობი

727. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოსდაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა

728. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანნეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი დასხდეს დახუდა მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი არვინ დარჩა დიდრუანთა დოსტაქნითა შეუსრულნი

729. ყმამან რაცა არვის უთხრის კითხვად ვინმცა გაუპირდა დააძვირის საუბარი მართალ არს და ძვირად ღირდა სმა გარდაჴდა გაიყარნეს ყმა წავიდა მიცასჭირდა ვეღარ გასძლო გულ მისი აუჩუქდა აუტირდა

730. კულავ გულსა უთხრა გულისა სიტყუანი საგულისონი მან მარგალიტნი მოიხუნა მზისაგან საიმისონი მას მკლავთა ზედა ნაბამნი მათ კბილთა სამეყუისონი პირსა დაიდვა დაცაბნდა ცრემლი სდის ვითა ბისონი

731. თქუა ამა ჟამსა წუხელის მე დილა გამთენებოდა მუნ ვიყავ სადა სამყაროს ღაწვთაგან ელვა ჰკრთებოდა აწ სიშორისა მამლოდე გულიმცა მისთვის ჰკუდებოდა მზემან რა მისცა სინათლე თუ მთუარე გაეყრებოდა

732. ყმა მივიდა გულმოკლული ცრემლი ველთა მოადინა მართ მისივე სიყუარული უარებდის თვალთა წინა ზოჯერ წვის და ზოგჯერ ადგის ხელსა რადმცა დაეძინა კულაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა

733. წევს იტყვის გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო მოგშორდი ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო შენთა მჭურეტელთა ნიშატო ვერ მჭურეტთა სავაგლახეო ცხადად ნახვასა არ ვღირს ვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო

734. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა კულავ გულსა ეტყუის დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა არ დავსთმოთ ნეტარ სევდასა მითხარ რა მოუგვაროთა ვის ლხინი უინდეს ღ~საგან ჭირნიცა შევიწყნაროთა

735. კულავ იტყვის გულო რასთენცა გაქუს სიკვდილისა წადება სჯობს სიცოცხლისა გაძლება მისთვის თავისა დადება მაგრა დამალე არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კულავ დება ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება

ავთანდილისაგან ვეზირისას მისულა და ტარიელთანვე დათხოვნა

736. რა გათენდა შეეკაზმა ყმა გავიდა ადრე გარე იტყუის ღ~თო მიჯნურობა არ დამაჩნდა დაცავჰფარე დათმობასა ეაჯების გულსა შენ რა მოუგვარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა ვეზირისა სახლსა მთუარე

737. ვეზირმან სცნა გაეგება ჩემს ა მზეო ამოსრული ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული მიეგება თაყუანისსცა ჰკადრა სრულსა ქება სრული ჴამს სტუმარი სასურველი მასპინძელი მხიარული

738. ყრმა გარდასვა მასპინძელმან არ ღაფალმან ავმან უქმან ფერჴთა ქუეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი გაანათლნა ვით სამყარო მზისა შუქმან თქუეს სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქუენა ბუქმან