... (A-656), XIX ს.

796. რა მეფემან მოისმინა დაიზახნა მეტისმეტნი პირსა ხოკით წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი მოსთქვამს იტყვის ვაჲ გაზრდილო ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი სად წახე და სად დაკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი

797. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები მაგრამ მე რა ვქმნა გაზრდილო აწ სახლად მმართებს სენები გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები

798. ოდეს გნახავ მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა სასმენელად მე მას რულსა აწ უშენოდ რა გლახ რა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა

799. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რაზომმცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები ნუთუ კვლავ ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოვკვდე გაზრდილო ვისგანღა დავიტირები

800. ზარი გაისმა შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყველაი ხმა ისმის თავსა ტკაცისა თქვეს ბნელი გვმართებს დღეკრულთა რადგან მზე მიგვიდრკა ცისა

801. რა მეფემან დიდებულნი ნახნა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ რად დაგვყარნა რად გაგვწირნა სპანი მისგან დაჭირულნი ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა აქ გავჩერდი

802. ყოვლნი ტიროდეს მოსთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად

803. მოახსენა საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მომკლათ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი

804. რა ანდერძი წაიკითხეს კვლავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქვრივნი სხვანი შევეწივნეთ მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი

წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით ტარიელის შეყრად

805. მთვარე მზესა მოეშორვოს მოშორვება განანათლებს რა ეახლოს შუქი დასწვავს გაეყრების ვერ იახლებს მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს

806. აწღა დავიწყებ ამბავსა მის ყმისა წამავლობასა მივა და მიტირს გულმდუღარედ ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა წამწამ მობრუნდის იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა ჭვრეტდის თვალი ვერ მოხსნის თუ მოხსნის მიხდის ცნობასა

807. რა მიეახლის დაბნედად ვერ ხელყვის გაძრვად ენისად მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის მას თუ არბევდის ცხენი სად

808. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუნდეს რადგან შენ დაგრჩა გონება გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომც არ დაუძაბუნდეს

809. მე რა ვქნა შენად შეყრამდის ანუ რას ვეჭვდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუ მცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა

810. ტირსა იტყვის დადვა კეშანი ლახვარმან ჩეთვის ათმანო ჰინდოთა რაზმი ჩემდა კვლად თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს სათმან რად მომკლა სათმანო ბაგე კბილო და თვალ წარბო მამცემდით პატიჟთა თმანო

811. იტყვის ჰე მზეო ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად

812. ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილასოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვექმნილსა ჯაჭვნი მაბიან რკინანი ბროლბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ მინანი მაშინ ვერ გავსძელ სიახლე აწ სიშორესა ვინანი

813. ამას მოთსქმიდის იწვოდის ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის მას ამსგავსებდის ილხენდის უჭვრეტდის ეუბნებოდის

814. მთვარესა ეტყვის იფიცე სახელი ღმრთისა შენისა შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა შენ გაქუს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა შენ გამო შენებრ მშვენისა