ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

650. “ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ,– მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ, გამოპარვით წამოსლვითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ, ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.

651. “ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა, არ ვუტყუე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა, ცუდ-მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.

652. “დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო, არ ვინანი გარდასრულსა, – ბრძენთა სიტყვა დავაღადრო: წავალ, ვძებნი, ანუ ვჰპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო, თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო”.

*

653. ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა, ქვაბი ჩავლო, წყალსა გაჴდა, შამბი გავლო, ველს გავიდა ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა, “რად მიმეცო ამა ჭირსა?!”– ბედსა ამას უზრახვიდა.

654. “მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლელა, იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა, სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.

655. მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი, ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი ნახა, – შავი შამბთა პირსა დგა სადავე-უკუ-ყრილი თქვა: “უცილოდ იქიაო, – არად უნდა ამას ცილი”.

656. რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა: ახლოს-მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა! საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა, მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

657. ერთ-კერძ უც ლომი მოკლული და ჴრმალი სისხლ-მოცხებული, კვლა სხვაგან ვეფხი უსულო, – მკვდარი, ქვე-დანარცხებული, მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული, მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

658. თვალთა აჴმადცა ზარ-ედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა, მიახლებოდა სიკვდილსა, მოჰშორვებოდა თმობასა. ყმა სახელდებით უყივის, ჰლამის სიტყვითა კრთობასა. ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, – ძმა გამოაჩენს ძმობასა.

659. ჴელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა, ახლოს უზის და უზახის მართ სახელ-დებით სახელსა. ეტყვის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?”– მას– არა დია– შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.

660. უთხრა: “ძმაო, არ გიტყუვე, გიყავ, რაცა შემოგფიცე, გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე აწ დამეჴსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე, მაგრა გვედრებ დამარხვასა, მჴეცთა საჭმლად არ მივიცე”.

661. ყმამან უთხრა: “რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა! ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის საჴმილი არა სწვავსა! ვის უქმნია შენი მსგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა?! რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

662. “თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ჴამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა! ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა!– თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა!

663. “ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან, ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან? მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან? არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

664. “ვარდსა ჰკითხეს, – “ეგზომ ტურფა რამა შეგქმნა ტანად, პირად? მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად?”– მან თქვა, – “ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს, – არცა ჩირად!–

665. “რათგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო. მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო?– უბოროტო ვის ასმია, რაც ა კარგი –უ ეშმაკო, რად ემდურვი საწუთროსა, რა უქმნია უარაკო?!

666. “ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა, ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა, რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა”.

667. მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძვრაცა არ ძალ-მიც ენისა, ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა,– რა ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა?! – აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

668. “ამას მოკვდავი ვილოცავ, არ ოდეს ვითხოვ არ ენით: აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით, მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ, კვლა რამე გავიხარენით მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!