ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

632. მოაჴსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი. დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, – არცა ბერი,– მე თუ მომკლავთ, – მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

633. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცეს ღმერთმან გზანი.”

V. კარი მეხუთე. ავთანდილისა და ტარიელის მეორედ შეყრა ავთანდილის მისლვა ქვაბს და ტარიელის ვერ ნახვა. – ავთანდილის მიერ ძებნა ტარიელისა და პოვნა მისი. – ტარიელის მიერ ლომ-ვეფხის დაჴოცის ამბავი. – ქვაბსავე მისლვა ძმადნაფიცთა და ასმათის ნახვა. – ავთანდილისაგან გადაწყვეტა ნესტანდარეჯანის ძებნად წასლვისა და მისი და ტარიელის მეორედ გაყრა

634. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და, მიტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა! წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნნის, – თუ მოჰხსნნის, მიჰხდის ცნობასა.

635. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიცვლი, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

636. ამას მოთსქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის, მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის. –

637. მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა! შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა! მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა!”–

638. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა, რას უბნობდის, – რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა! ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა. – ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

639. რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების, ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების! ყმა გარდაჴდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების,– კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების!

640. ყმა ქალსა ეტყვის: “პატრონი, ნეტარ სად არის და ვითა?” ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, ეტყვის: “რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა”.

641. ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა ქალსა ეტყვის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუ ა! იგი ფიცი ვით გატეხა?! არ ვეცრუე, ვით მეცრუა! ვერ იქმოდა, რად მიქადა, თუ მიქადა, რად მიტყუა?!

642. კვლა ქალი ეტყვის: “მართლაც ხარ მაგისსა დამძიმებასა, მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა: არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა? იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

643. “გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან. რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან. უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდი-ან. – შენ არ გინახავს, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

644. “შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა, მაგრა ვით ითქმის, ვით გაჴდა, ვითა გიამბობ ცნობილსა! ენა დაშვრების, გაცვდების, გულსა შეელმის ლმობილსა, ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა.

645. “ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია: არა თუ კაცთა, – სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია, დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია, თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ, – სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

646. “მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა: “მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა”. მიბრძანა: “მოღამნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა. ამათ არ დავყრი, არეთა, არ გავსტეხ მისს ქადებულსა”.

647. “ჩემთვის გარდაჴდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრესლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა. მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა სულ-თქმისა ზედა-ზედისა, დავვიწყებივარ სიკვდილსა, – ნახეთ ნაქმარი ბედისა!

*

648. “ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია: “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”. აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია თუღა მონახავ, მონახე, – ქმენ რაცა შენი ფერია”.

649. ყმამან უთხრა: “უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად, მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად: გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად, მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვვლი სად.