ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

595. “აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ, – დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკვდე, –თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა, ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა.

*

596. დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად: “ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად! ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად.

597. “ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა: “სიცრუე და ორპირობა ავნებს ჴორცსა, მერმე სულსა".

598. “რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა? არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

599. “წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ. “სიყვარული აღგვამაღლებს", – ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ,– შენ არ ჯერ-ხარ, – უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

600. “ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი გაჰჴდის წამის–ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად. –

601. “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. – მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეხედნების,– მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

602. “რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა, სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

603. “არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა, არვის ძალ-უც ჴორციელსა განგებისა გარდავლენა.

604. “რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად მას რა ვარგო, ესე ჩემთვის დიდებად და კმარის დავლად.

605. “მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუ თუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?!– ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საზაბუნოსა,– პირის-პირ მარცხვენს, – ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

606. “რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის-მხმეჭელსა, შედრეკილ-შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი, ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა?– სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

607. “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალ-გულოვანი ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მჴცოვანი. – სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!–

608. “მერმე ვიშიშვი, –მეფეო, თქვენად კადრებად ამისად: ცთების და ცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად.

609. “მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არასმქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ მოვეგონები.

610. “ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას მარგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის.

611. “გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა,_ ნუგეშინის-ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

612. “გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ჴელითა აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ჴელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”

613. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.