ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

576. თქვა: ”ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს,– ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!”

577. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა. – ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა: “მადლი რა გკადრო, არ ვიცი, გავხასდი მე მაშა ვითა!– ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!”

578. “ვით გამჴადა, რა მიბრძანა, – არ ეგების ჩემგან თხრობა,– რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

579. “მეცა ვიცოდი, – რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია,– ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამკიდებია,– განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია!– შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩნს, – ჭირი არ გამცუდებია“.

580. ყმამან უთხრა: ”აღარ წასლვა არ ეგების ჩემგან– აროს. იადონი მაშინ მოუკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს?!– ჴამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს, ვერ უპოვოს, – რა ქმნას! ანუ გული რითა დაიწყნაროს?–

581. “უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა! ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?!– სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა!

582. “მოვახსენებ ერთჴელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების, ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების!– არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების!

583. მოიუბნეს ვაზირმან ჰქმნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი მისნი მყოლნი აღვეავსნა, მოყმენი თუ უნდა ბერნი. გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

*

584. შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. – მქებრად ამბისა მათისა ჴამს მკითხავი და მსმენელი.

585. ეტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა! მან არ იცის, რა მჭირს, ანუ სულდგმული ვარ ვისგან ვინა! უმისოდმცა ნუ ცოცხალვარ ნუცა გარე, ნუცა შინა. რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

586. “რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა, შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

587. “აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, სამსახური აქანამდის, კვლა გავლენა გააკვლადე.

588. “მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების. შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების. – პატრონისა სამსახური არა-ოდეს არ წარჴდების”. –

589. ესე ესმა, ცრემლი ცჴელი შერმადინსა თვალთა სდინდი. მოაჴსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი! მაგრა რა ვქმნა, – უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი. – წამიტანე სამსახურად, მოგეჴმარო, რადცა გინდი!

590. “ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი! ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი! დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?!” ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ჰღვრიდი.

591. “შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა! მაგრა საქმე არ მოხვდების, ჟამი ასრე დამემტერა: ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა?! გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!

592. “თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ჴელი მინდორთა მე რებად!– არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?!– გაჭრა ჴელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად!– ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი– კვლა შეჯერებად!–

593. “რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. – ჴამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს,– მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

594. “მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად. ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, – დავდგე მე რად! მას თუ დავთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?!